ძალიან ემოციური მომენტი ფილმიდან „თეთრი ბაირაღები“ - რა არის ყველაზე დიდი გამოგონება

10:32 01-14-2020

დღეს, 14 იანვარს, ეროვნული დროშის დღეა. ნოდარ დუმბაძეს თავის რომანში „თეთრი ბაირაღები“ დროშის შესახებ ასეთი ეპიზოდი აქვს:

„ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე: ანბანი, ჰიმნი და დროშაა. რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა“
„დასაბამიდან დროშა იყო თეთრი, თეთრი, სპეტაკი, იგი თავიდან მშვიდობას, სიყვარულს, ძმობასა და სათნოებას გამოხატავდა, ოცი საუკუნე იქით და ოცი საუკუნე აქეთ, თეთრი დროშები თავისას მოითხოვენ და მოელიან, ერთი დიდი თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ჯომოლუნგმაზე ამაყად, ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი დიდი, ვეებერთელა თეთრი ბაირაღი…”

საქართველოს დროშა ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს.

საქართველოს დროშით იყო აღნიშნული ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფო, რომელიც საკუთარ სიმბოლოდ აღმართავდა ხუთჯვრიან დროშას. დღეს ჯვარი სეკულარული სიმბოლოა, მაგრამ თანამედროვე ღირებულებების გავრცელების და აღიარების ამბიცია რთულ რეგიონში კვლავ რჩება საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების მაპროფილებელ ნიშნად.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დიდი სიამაყით და პასუხისმგებლობით განმსჭვალავს თითოეულ მოქალაქეს და შესაბამისად ღირსი პატივით მოპყრობასა და გამოფენას ავალდებულებს.

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! - ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.