რა წერია ამერიკელი ფოტოგრაფის ჩვენებაში, რომელიც ქართველ ბავშვებს „პორნოფოტოებს“ უღებდა

21:56 01-13-2020

ბავშვთა პორნოგრაფიის სკანდალში ბრალდებული ფოტოგრაფი, აშშ-ს მოქალაქე კარლ ჯიუეტ უილიამსი პროკურატურასთან საპროცესო გარიგებას ითხოვს. „კურიერის“ ინფორმაციით, ამერიკელი ფოტოგრაფი, მსგავს დანაშაულზე სასჯელს 2012 წელსაც იხდიდა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, მას სასჯელი შეუმსუბუქეს.

„რუსთავი 2“ ბრალდებულის ჩვენებასაც აქვეყნებს, რომელიც ფოტოგრაფმა საქართველოში დაკავების შემდეგ გამოძიებას მისცა.

„2012 დეკემბერში ჩავედი შეერთებულ შტატებში, რა დროსაც დამაკავეს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე. სასჯელს ვიხდიდი საპატიმროში. მოხდის შემდეგ ვიცოდი რომ შტატებში სულ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ვიქნებოდი და მძიმე დანაშაულის გამო სამსახურსაც ვერ დავიწყებდი, ამიტომ პროგრამით ჩამოვედი საქართველოში. ვაფრთხილებდი ბავშვის შიშველი ფოტო, ან ვიდეოგადაღების შემთხვევაში მომდინარე საფრთხეების შესახებ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადვილად დათანხმდნენ ჩემს შემოთავაზებაზე, რადგან იცოდნენ, რომ მსგავსი მასალის რეალიზაცია საკმაოდ მომგებიანი იყო.“ - ნათქვამია ჩვენებაში.

კარლ ჯიუეტ უილიამსი საქართველოში სპეციალური პროგრამით „ასწავლე და ისწავლე“-ს ფარგლებში ჩამოვიდა, თუმცა, როგორ გადმოკვეთა მან უპრობლემოდ საქართველოს საზღვარი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

საქმის მასალების მიხედვით, ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად, უილიამსი მუშაობას გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იწყებს. ფოტოგრაფი ცხოვრობს იმ დედა-შვილთან ერთად, რომელთა დაკავების ოპერაციაც პოლიციამ ყველაზე ბოლოს, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაატარა.