ზუგდიდის 62 საბავშვო ბაღიდან საძინებელი მხოლოდ 26-შია

20:12 01-13-2020

ზუგდიდის მერიის ააიპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა“ საბავშვო საწოლების შესაძენად 106 250 ათასი ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია 425 საწოლის შეძენა, რომლებიც შემდეგ ბაღებში გადანაწილდება:

ზედაეწერის ბაღი - 50ც;
ინგირის #1 ბაღი - 15ც;
ოირემეს ბაღი - 20ც;
ორსანტიის ბაღი - 20ც;
ორულუს ბაღი - 25ც;
რიყის ბაღი - 40ც;
ქვემო კახათის ბაღი - 10ც;
ყულიშკარის ბაღი - 25ც;
ზუგდიდის #6 ბაღი - 10ც;
ზუგდიდის #16 ბაღი - 60ც;
ნარაზენის #2 ბაღი - 50ც;
ზუგდიდის #2 ბაღი - 100ც.

შესაბამისი ტენდერი გასულ თვეს გამოცხადდა, რომელშიც რვა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან, ორს არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.

„ორმა პრეტენდენტმა, რომლებმაც უმცირესი ფასი შემოგვთავაზეს, ვერ წარმოადგინეს სრულყოფილი დოკუმენტაცია და ამიტომ, მათ დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. არის მესამე პრეტენდენტი, რომლისგანაც ველოდებით შესაბამის დოკუმენტებს, თუ წარმოადგინა მასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას. რაც შეეხება სხვა ბაღებს, სადაც ამ ეტაპზე ვერ შეგვაქვს საწოლები, ამას თავისი მიზეზი აქვს. 14 ბაღის შენობაში დევნილებიც ცხოვრობენ და იქ არ არის საწოლი ოთახები. ასევე, არის რამდენიმე ბაღი, სადაც ფიზიკურად არ არის ოთახები“, - ამბობს ააიპ-ის ხელმძღვანელი, ხათუნა თოლორაია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 62 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 4000-ზე მეტი აღსაზრდელი ირიცხება.

ამ ეტაპზე 62 ბაღიდან მხოლოდ 26-შია საძინებელი.

„2020 წლის სექტემბრისთვის ზუგდიდის ბაღებში საძინებლების არ ქონის პრობლემა უნდა აღმოიფხვრას“, - აცხადებენ ბაღების მართვის ცენტრში.

ავტორი: თეა შონია