„სიკვდილი მომინდა!“ - ირანელი გენერლის აღიარება, რომლის ქვეშევრდომებმა უკრაინული ბოინგი ჩამოაგდეს

18:41 01-13-2020
611

ირანელი ალი ჰაჯიზადემ, რომელიც საჰაერო კოსმოსური ძალების გენერალია, აღიარებს თავის დანაშაულს და აცხადებს, რომ ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი სრულად იღებს პასუხისმგებლობას უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის Boeing 737-ის ჩამოგდებაზე. ამის შესახებ გამოცემა ISNA წერს.

„როდესაც გავიგე უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ, სიკვდილი მომინდა“, - თქვა მან.

ალი ჰაჯიზადის თქმით, უკრაინული თვითმფრინავის ტრაგედია ორი მიზეზის გამო მოხდა, სამხედროებმა ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. ერთი ის, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეცდა და თვითმფრინავი აღიქვა, როგორც მოწინააღმდეგის რაკეტა. ხოლო მეორე - ოპერატორს, რომელმაც ცეცხლი გახსნა, გაუმართავი კომუნიკაცია ჰქონდა. მან თვითმფრინავის პილოტებს თხოვნა გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მას რაკეტის გაშვებისთვის ათი წამი ჰქონდა. 

ირანელი სამხედროების ინფორმაციითვე, ისინი მოითხოვდნენ საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას, ერაყში ამერიკული ბაზების დაბომბვის დროს, თუმცა მათივე თქმით ეს მოთხოვნა არ შესრულდა. ამის გამო, უკრაინის თვითმფრინავი, რომელიც ირანის სამხედრო ობიექტების მახლობლად მიფრინავდა, მტრის ობიექტად აღიქვეს და ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, დაწყებულია ანტისამთავრობო დემონსტრაციები. 

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა.