„ელდარზე ამბობდნენ, არიადნას ქმარიაო, მაშინ არავინ იცნობდა ელდარ შენგელაიას“ - უცნობი ფაქტები არიადნა შენგელაიას ცხოვრებიდან

12:59 01-13-2020
10

არიადნა შენგელაიას სხვა როლი რომ არ ეთამაშა, „შერეკილების“ მარგალიტათი მაინც შევიდოდა ქართულ კინემატოგრაფიაში. დაუვიწყარი როლია, მაყურებლის კეთილგანწყობას გამოჩენისთანავე რომ იმსახურებს, ისეთი.

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ფილმში მარგალიტას ხმა არიადნასი არ არის. მას რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლეილა ძიგრაშვილი ახმოვანებს. ელდარის შედევრმა, ბევრ დაუვიწყარ როლთან ერთად, პირველი ცოლის სახეც უკვდავყო.

13 იანვარს მსახიობი იუბილარია, 83 წლის ხდება და კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მისი ვარსკვლავი იხსნება. ვარსკვლავის გახსნას წინ უძღვის ღონისძიება გრიბოედოვის თეატრში. სახალხო არტისტის შვილიშვილი, ნატა ჯუღელი წერს.

„ასეთი ამბავია… არიადნას საღამო გრიბოედოვის მცირე დარბაზში იქნება, სადაც მხოლოდ 134 ადგილია, რაც ასეთი ღონისძიებისთვის ძალიან ცოტაა.

კინოთეატრი „რუსთაველი” დაკეტილია და როდესაც სხვა კინოდარბაზი შევთავაზეთ არას, თუ საღამო იქნება, გთხოვთ, ჩემს თეატრში იყოსო…

კინომსახიობია და ბუნებრივად ყველაფერი ეკრანზე უნდა ვაჩვენოთ, ამიტომ გადაწყდა მცირე.

მოკლედ, ვერ ვპატიჟებთ ახლობლებს, კოლეგებს, კინომოყვარულებს, ძალიან ბევრ სასურველ ადამიანს… ამიტომ, ჩემს ”ფეისბუკ” მეგობრებს პირადად გიხდით ბოდიშს…“

არიადნას და ელდარ შენგელაიას პირველი შემოქმედებითი ტანდემი „თეთრი ქარავანის“ დროს შედგა. უკვე ოთხი წლის ცოლ-ქმარნი იყვნენ (23 წელი იცხოვრეს ერთად). 

მოსკოვში მიღებული განათლების შემდეგ, ელდარი და თამაზ მელიავა ერთიანდებიან და იღებენ ფილმს. ეს იყო არიადნას პირველი როლი ქართულ კინოში. რუსეთში მას უკვე ჰქონდა შესრულებული მთავარი როლები ფილმებში „ევგენი ონეგინი“ და „ეჟენი გრანდე“ და იყო საკმაოდ პოპულარული.

იმედა კახიანი: - მე და არიადნა „თეთრ ქარავანში“ 21 წლისები ვართ. რუსი მეთევზე მარიასთვის მსახიობის ძებნა რეჟისორებმა რუსეთში დაიწყეს. რომ ვერ იპოვეს, მერე მიხვდა ელდარი, რომ თურმე კარგი მარია სახლში ჰყავდა. სად ეძებდა, არ ვიცი. არიადნამ კინოში მუშაობა უკვე კარგად იცოდა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გამოცდილი პარტნიორი მყავდა.

ქართულ კინოში ლამაზი და ნიჭიერი ქალები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არიადნამ ძალიან გაამდიდრა ქართული ფილმი. საბჭოთა კავშირში უკვე ძალიან პოპულარული იყო, აფასებდნენ და ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ხშირად როდესაც ერთად ვიყავით, ელდარზე ამბობდნენ, ეს არიადნას ქმარიაო. მაშინ არავინ იცნობდა ელდარს. არ სწყინდა, სიმართლე იყო, რა უნდა სწყენოდა. ჯერ ერთი, რეჟისორებს ისედაც არ იცნობენ, როგორც მსახიობებს და ამაში გასაკვირი არაფერია. ელდარი მოგვიანებით გახდა ძალიან ცნობილი თავისი შედევრებით.

ბუნებით ძალიან კეთილშობილი, სუფთა და მართალი ადამიანია. ეს მის თვალებშიც ჩანს და ნამუშევრებშიც. ძალიან მეგობრულია და დახმარების გაწევა იცის. გვერდით დაგიდგება, გირჩევს. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილია.  

ჩვენ ვმეგობრობთ. ძალიან უყვარდა ელდარი, გვარი შეინარჩუნა. მისი გვარი შპრინკია. უყვარს საქართველო და ქართველები. დედა ყავდა შესანიშნავი ქალბატონი ანა პავლოვნა, რუსი არისტოკრატი. ელდარმა „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ ათამაშა, მილიციელის როლი, პატრულირებისას რომ აჩერებს აგურცოვას, ის არიადნას დედაა. დიასახლისი იყო, მსახიობი არ ყოფილა. ელდარი ანა პავლოვნას დიდ პატივს სცემდა. ისიც სიძეზე გაგიჟებული იყო. შვილიშვილები - ნატაშა და კატია მან გაზარდა.

- რატომ არიდებს არიადნა თავს გამოჩენას?

- გამოჩენა არ უყვარს. ზოგი ზედმეტს აკეთებს. ხშირად მითქვამს კოლეგებისთვის, ცოტა თავი შეიკავეთ, ისედაც გიცნობენ და ნამეტანს ნუ ხმაურობთ, თითქოს თქვენ იყოთ გენიოსები-მეთქი. არიადნა ყოველთვის მოკრძალებული იყო. ყურადღების ცენტრში ბუნებრივად იყო, მაგრამ თვითონ ინიციატივა არასდროს გამოუჩენია.

 

ავტორი: თამარ გონგაძე