ქუთაისში დაბინძურებული მდინარე რიონის სანაპირო გააპროტესტეს

16:08 01-12-2020
90

პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წარმომადგენელმა ქუთაისში, თემურ ცამციშვილმა, „გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარესთან ერთად, მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურება გააპროტესტა.

„ჩვენ გადასახადებს ვუხდით სახელმწიფოს ამ პრობლემის მოგვარებისთვის და კი ვხედავთ როგორც აგვარებს. რიონის მთელი სანაპირო, რომელიც არის ტურისტული ზონა, ანტისანიტარიის კერაა. უკვე სუნიც იგრძნობა და როცა ტურისტები აქ მოდიან, არის ძალიან უხერხული სიტუაცია. მდინარეში რა ხდება და რა პროცესები შეიძლება საბოლოოდ ამ ანტისანიტარიამ გამოიწვიოს, ეს კიდევ მეორე პრობლემაა“, - ამბობს თემურ ცამციშვილი.

ტურისტებთან შექმნილ უხერხულ სიტუაციებზე ისაუბრა „საქართელოს გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლაშა ბერეკაშვილმაც.

„ვერ წარმოიდგენთ როგორ სიბინძურეში გვიწევს აქ ტურისტების მოყვანა. არის წარმოუდგენელი ანტისანიტარია და გვრცხვენია, რომ ტურისტებს ეს ადგილი შევთავაზოთ დასათვალიერებლად“, - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ავტორი: თეკლე მორგოშია