53 წლის ზუგდიდელი ქალი ოჯახს ტაქსისტობით არჩენს

17:02 01-11-2020
358

ზუგდიდში, 53 წლის ელიზა ლაგვილავა მოქალაქეებს საკუთარი ავტომობილით ემსახურება. როგორც თვითონ ამბობს, ტაქსისტობაზე არ უოცნებია, თუმცა, საქმე რომელსაც ახლა აკეთებს, მოსწონს.

მიუხედავად იმისა, რომ სამსახური საპასუხისმგებლო და დამღლელია, ცდილობს, მუდამ პოზიტიურ განწყობაზე იყოს და მგზავრების უსაფრთხოებაზეც იზრუნოს.

„ვცდილობ, ყურადღებით ვიყო და აზრები არ გამეფანტოს, ვიყო ფორმაში და მოვაწესრიგო გარემო, რომ მომხმარებლისთვის კომფორტული გავხადო მგზავრობა. მიყვარს ადამიანები და მათგანაც ძალიან ბევრი პოზიტივი მოდის“,- ამბობს ის.

width=600

პარალელურად, ელზა ლაგვილავა კერძო ტაქსის გამოძახების კომპანიაშიც მუშაობს.

„მყავს ასევე გამორჩეული კლიენტები, რომლებსაც სისტემატურად ვემსახურები.ზოგადად, კომუნიკაბელური ვარ და კლიენტთან ურთიერთობა არ მიჭირს. ბევრსაც ინტერესი კლავს გამიცნოს, რადგან ქალი ტაქსის მძღოლი მაინც იშვიათობაა ქალაქში“,- გვიყვება ელიზა.

რამდენიმე წელი რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ ვინაიდან და და დედა მისი მოსავლელია, იძულებული გახდა ზუგდიდში ჩამოსულიყო.ზუგდიდის ერთ-ერთ კერძო სასწავლებელთანაც გააფორმა ხელშეკრულება და მათაც ემსახურება.

„საჭესთან ჯდომა მიყვარს მაგრად, არ ვიღლები. „გონკაობაც“ მიყვარს, მაგრამ ამავდროულად,  მგზავრების უსაფრთხოებაზე ვზრუნავ“,- აცხადებს ელიზა ლაგვილავა.

width=600

იგი თავს კანონმორჩილ მძღოლად მიიჩნევს. ყოველთვის იცავს მოძრაობის წესებს და სიჩქარეს მაშინაც კი არ აჭარბებს, როდესაც ძალიან ეჩქარება. ელიზას ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს.

ავტორი: თეა შონია