ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ვალდებულების შეუსრულებლობა იყო - მდინარაძე

17:06 01-10-2020
27

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ერთადერთი მიზეზი კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო.

„ფაქტები სხვაგვარი მსჯელობის საშუალებას არ იძლევა. სახელმწიფომ დახარჯა რამდენიმე ათეული მილიონი. მიუხედავად ამისა, მამუკა ხაზარაძემ ვერ, თუ არ შეძლო იმ ვალდებულებების შესრულება, რაც იკისრა, როდესაც ტენდერში გაიმარჯვა. პრაქტიკულად, ოთხი წლით უკან დახია ქვეყანა ამ პროექტთან დაკავშირებით. პროექტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გუშინ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა.