„ჩანაწერი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა“- მაია ბარათაშვილის ტრადიციული ჯაზი და 26 წელი სცენაზე

15:54 01-10-2020

ჯაზმომღერალი მაია ბარათაშვილი, თითქმის 26 წელია მსმენელს თავისი ძლიერი და ამაღელვებელი ხმით ხიბლავს. მუსიკის სწავლა როგორც პიანისტმა დაიწყო, ხოლო 1995 წლიდან ჯაზური მუსიკით დაინტერესდა და გამოდიოდა კონცერტებით დავითის ჯაზ-კლუბში. 1998 წელს გახდა თბილისის საკონცერტო ორკესტრის (თბილისის ბიგ-ბენდის) სოლისტი, სადაც დღემდე მოღვაწეობს. ორკესტრტან ერთად იგი დადის გასტროლებზე და მონაწილეობას იღებს საერთაშორისო პროექტებში. „პრაიმტაიმი“ ელეგანტურ ქალბატონთან ინტევიუს გთავაზობთ:

- როგორ გახდა ჯაზი თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი?

15 წლის ასაკში, როდესაც კლასიკურ მუსიკაზე ლამაზი არაფერი მეგონა, მეგობარმა გადმომცა ჩანაწერი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ეს ეროლ გარნერის ტრიოს ჩანაწერი იყო, რამაც ჩემს გულში დიდი გამოძახილი ჰპოვა - მას შემდეგ, ჯაზს ვუსმენ. 1996 წელს თბილისში გაიხსნა დათოს ჯაზკლუბი, სადაც ავიდგი ფეხი, როგორც ჯაზის მუსიკოსმა.

width=600

ეს შესანიშნავი სივრცე საოცარ შესაძლებლობას იძლეოდა პროფესიული ზრდისთვის, აქ გავიგე რა არის კვადრატი, მიკროფონთან მუშაობა, კოლეგების მოსმენა, მუსიკალური დიალოგი. ამ პერიოდში დაიწყო ჩემი საკონცერტო მოღვაწეობა, კონცერტები საზღვარგარეთ. გარდა ამისა, 1998 წელს გავხდი თბილისის მერიის ბიგბენდის პირველი სოლისტი, სადაც დღემდე ვაგრძელებ მუშაობას. ბიგბენდთან (დიდ ორკესტრთან) მუშაობა დიდი  პრივილეგია და გამოცდილებაა. ორკესტრის დაარსების იდეის ავტორმა გაიოზ კანდელაკმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა მაესტრო გივი გაჩეჩილაძემ, შვილივით მიმიღეს და დღემდე ერთად მოვდივართ.

 width=600

- საკუთარ თავს, პროფესიონალ მომღერლად თვლით?

დიახ, მე კლასიკური მუსიკალური განათლება მაქვს, სერიოზულად ვემზადებოდი კლასიკური პიანისტის კარიერისთვის. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში, შესრულებული მაქვს კონცერტები სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან (ბახი, რუბინშტეინი, გრიგი, არენსკი) ერთად. სამწუხაროდ, მაშინ როდესაც ვიწყებდი, საქართველოში არ არსებობდა სკოლა, არსებობდნენ ნიჭიერი გამოცდილი მუსიკოსები. მათთან თანამშრომლობამ, ბევრი მომცა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით.

 - მნიშვნელოვანი პროექტები, სადაც მონაწილეობდით... 

შარშან, ჩემი სცენაზე ყოფნის 25 წელი, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ვიზეიმე. კონცერტში მონაწილეობას იღებდა ორი ორკესტრი (თბილისის მერიის ბიგბენდი, მაესტრო გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით) და შესანიშნავი ჯაზის მუსიკოსები - გიორგი რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე,  ჯორჯ მელი, რომელიც 20 წელი ნიუიორკში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. განხორციელებული მაქვს მრავალი პროექტი.

width=600

 - თქვენი რეპერტუარი და შემოქმედებითი ჯგუფები, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა? 

ჩემი რეპერტუარი მოიცავს ტრადიციულ ჯაზს, თბილისის მერიის ბიგბენდთან, ავანგარდულ ჯაზს ტრიოსთან ერთად, ჯორჯ მელის არანჟირებით, ეთნო ჯაზს ჯგუფ „შინთან“ ერთად. ახლა კი, ამ პროექტს ახალი შემადგელობით ვუკრავთ - ზაზა მიმინოშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, ჯორჯ მელი. არის პროექტი, რომელიც ბაქოს ჯაზფესტივალზე წარვადგინეთ უნიჭიერეს პიანისტთან გიორგი რაქვიაშვილთან ერთად. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, რამდენიმე კომპოზიცია შევასრულე. 25 წელი საუკეთესო მუსიკოსებთან ურთიერთობა ბევრს გასწავლის, პრაქტიკა საუკეთესო მასწავლებელია. როდესაც ნამდვილ პროფესიონალებთან ერთად მუშაობ, რისკზე წასვლას სწავლობ, ეს კი ხელოვნებაში მნიშვნელოვანია.

width=600 

 - ტიტულებს შორის, რომელს გამოყოფდით?

2007 წელს მომენიჭა „საუკეთესო ჯაზის შემსრულებელი ქალის“ ტიტული, მონტეკარლოს საერთაშორისო ჯაზის ორგანიზაციის მიერ;  2018 წელს ნიუიორკში კონკურსში „Made in New York Jazz Competition“ საუკეთესო ორეულში მოვხვდი სოლო ვოკალის კატეგორიაში (TOP 2 in solo vocal category). მონიჭებული მაქვს „ქართული ბრენდის“ ტიტული.  

ბულგარეთში მონაწილეობა მივიღე საინტერესო პროექტში - ბანსკოს ჯაზ ფესტივალზე ბულგარელ ჯაზის მუსიკოსებთან ერთად. გერმანიაში ცნობილ საქსოფონისტ პეტერ ლეჰელთან ერთად, გავიზიარე სცენა. თურქეთში თურქ მუსიკოსთან - სელჩუქ სუნთან მქონდა ერთობლივი კონცერტი. ასევე რიგის ჯაზფესტივალზე ნორვეგიელ გიტარისთან ერთად, იორნ სკოგჰეიმთან ერთად ჩავწერეთ სიმღერა და გამოვედით ფესტივალზე. ცნობილი ამერიკელი ვარსკვლავის ჯორჯ დიუკის თბილისში სტუმრობის დროს, მის სოლო კონცერტზე, მასთან ერთად გავიზიარე სცენა. იგივე მოხდა რეიჩელ ფერელის, ამერიკელი ჯაზმენის საქართველოში სტუმრობის დროს.  მოსკოვში ვითანამშრომლე ცნობილ ჯაზის პიანისტთან იგორ ბრილთან და ჩავწერე დისკი. 

 - საკუთარ პროგრამაში, მხოლოდ ჯაზური ნაწარმოებებია? 

ვფიქრობ, მუსიკოსი მუდამ უნდა ვითარდებოდეს და სინჯავდეს საკთარ თავს სხვადასხვა ამპლუაში. მე მიყვარს ჟანრობრივი ცვლილებები, ჩემს რეპერტუარში არის, როგორც ტრადიციული ჯაზი, ასევე ავანგარდული და ეთნო პროგრამა.

 - ძალიან კარგად ასრულებთ რომანსებს... გამოგიცდიათ საკუთარი თავი სხვა ჟანრში?  

მიყვარს რომანსის სტილი და მაქვს პროექტი, სადაც მხოლოდ რომანსს ვასრულებ. ბოლო დროს დავინტერესდი კლასიკური ვოკალით, კერძოდ კი, ბაროკოს სტილით. ჩემს პედაგოგთან დოდო დიასამიძესთან ერთად ვმუშაობთ და შევძლებ შედეგი ვაჩვენო მსმენელს.

 - რაც შეეხება თქვენ მუსიკალურ კარიერას, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

სიახლე ის გახლავთ, რომ 2020 წელს დაგეგმილია კონცერტები ევროპაში, მანამდე კი 3 მარტს, ჩემს დაბადების დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იგეგმება ჩემი საიუბილეო კონცერტი, დიდი შოუ პროგრამით. აქ მაყურებელი სხვადასხვა ამპლუაში მიხილავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერიის ბიგბენდი და მისი სოლისტები ზაზა მიმინოშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, სანდრო ნებიერიძე, მერიის ბიჭუნათა გუნდი და კიდევ ბევრი სხვა სახელოვანი მუსიკოსი. იქნება მუსიკა და სანახაობა. ერთი ჟანრი შეცვლის მეორეს, იქნება მრავალფერონება და მუსიკის ზეიმი.   

width=600

- ჯაზს, ძირითადად ელიტარული საზოგადოება უსმენს, თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

უსმენს ის, ვისაც მოსწონს - მოსწონს იმას, ვინც ამ მუსიკაზე გაიზარდა. დღეს უფრო მეტი საშუალებაა ინფორმაციისა და განათლების მიღების, შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა მოდის, ვისაც უყვარს ეს ჟანრი და განავითარებს მას. ახალგაზრდები კი მათ მიბაძავენ. 

 - ჯაზ მუსიკოსი უინთონ მარსალისი ამბობდა - „ჯაზი, ფერადკანიანების უცნაური გამოგონებააო“, თქვენ რას იტყვით?

დიახ, ჯაზი ფერადკანიანების გამოგონებაა, მაგრამ „თეთრკანიანების“ (არ მიყვარს ეს დეფინიცია) კლასიკური მუსიკალური სისტემა რომ არა, ჯაზი ვერ განვითარდებოდა და ვერ მიიღებდა იმ სახეს, რომელიც ამ ჟანრს ელიტარულ სტატუსს ანიჭებს. 

width=600

 - რა მდგომარეობაა დღეს ქართულ შოუ-ბიზნესში?

მეტი მუშაობაა საჭირო, სამწუხაროდ გემოვნების დეფიციტია. თუმცა ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს. 

 - ქართულ შოუ-ბიზნესში ქალაქური სიმღერები უფრო მეტად დომინირებს...

ალბათ, ეს კავშირშია ჩვენს მენტალიტეტთან და იმასთან, რომ მუსიკა გართობასთან არის გაიგივებული და არა ინტელეატუალური საზრდოს მიღებასთან.

 width=600

 - ეთანხმებით, რომ ჯაზში უშუალოდ შემსრულებელი ქმნის მუსიკას ან, კომპოზიციის შემქმნელის უშუალო თანაავტორია?

გარკვეულწილად, ჯაზში ბევრი ბრწყინვალე კომპოზიტორია, არიან გენიოსებიც, რომლებმაც შედევრები დაგვიტოვა, თუმცა თითოეული შემსრულებელი, ამ შედევრის შესრულების დროს, ახალ სუნთქვას სძენს მას. ჯაზისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაცია, სწორედ ამას ემსახურება - ახალი ფერები შესძინოს მრავალჯერ შესრულებულ ნაწარმოებს. ეს პრაქტიკა კარგად ჩანს ჯემ სეშენებზე, სადაც იკრიბება რამდენიმე მუსიკოსი და შემოთავაზეული თემის საკუთარ ვერსიას ასრულებს. მუსიკოსის განათლება, ოსტატობა, ინტელექტი, სოციალური თუ ემოციური გამოცდილება, რომელიც აისახება ნაწარმოების შესრულებისას, განსაზღვრავს იმას, თუ რა სახეს მიიღებს ესა თუ ის ნაწარმოები და რა ფერთა პალიტრა მოერგება მას. 

width=600 

 - თქვენი აზრით, ახალგაზრდა თაობა გემოვნებიან მუსიკას უსმენს?

ყველა არა, მხოლოდ გარკვეული წრე.   

 - ყოველთვის იცავთ საკუთარ პრინციპებს?

ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. 

- ამბიციური ხართ?

არა უარყოფითი კონოტაციით - საქართველოში ამბიციური, უარყოფითი კონოტაციით ჟღერს. „Ambitious“ ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს მიზნები ცხოვრებაში და ამ მიზნების მიღწევას გეგმავს. ამ კონოტაციით ვარ ამბიციური. 

- ხშირად ვარდებით დეპრესიაში?

არა - დეპრესიას უღმერთობა იწვევს. მე ოპტიმისტი ვარ, ღმერთის იმედი მაქვს ყოველთვის. 

width=600

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ჯანსაღი ცოხვრების წესი?

ძალიან მნიშვნლოვანია - ჯანსაღი ცხოვრების წესი ქრიტიანული ცხოვრების წესის იდენტურია.  

- საკუთარ პიროვნებას როგორ დაახასიათებდით, რომანტიკოსი ხართ?

ერთგული, მიზანმიმართული, მეგობრისთვის და საქმისთვის თავდადებული პასუხისმგებლობის გრძნობით და ამავე დროს რომანტიკოსიც ვარ. 

 - გჯერათ ერთი ნახვით სიყვარულის?

ერთი ნახვით სიყვარულის არა, მაგრამ მოწონების კი. 

 - ოჯახის რომელიმე წევრს, ჰქონდა მუსიკალური განათლება?

დედა პროფესიულ სცენაზე მღეროდა, მიუხედავა იმისა, რომ დანტისტი იყო. ბებიას ლამაზი კოლორატურული სოპრანო ჰქონდა.  

 - არქიტექტურული ფაკულტეტი დაამთავრეთ - ხომ არ ნანობთ, რომ არქიტექტორის პროფესია არ აირჩიეთ?

არა, არ ვნანობ. არქიტექტურა - ქვაში გაყინული მუსიკაა. ძალიან ბევრი აქვთ საერთო მუსიკასა და არქიტექტურას - არქიტექტონიკა, რითმი, ხასიათი, აქცენტები,  მუსიკალურ ნაწარმოებსაც გააჩნია და შენობასაც. ბვრი არქიტექტორი გახდა მუსიკოსი. როგორ ჩანს, შემოქმედების დროს სულის ერთ სიმებს ეხება ერთიც და მეორეც.    

 - თქვენი პირველი სამსახური...

კავკასიის ბირჟა - უძრავი ქონების აგენტი. 

 - ბედისწერის გჯერათ თუ ღმერთის ნების?

რა თქმა უნდა ღმერთის ნების. თავისთავად ბედისწერა არ არსებობს. არსებობს ღმერთის ნება მის შექმნილ სამყაროში, არსებობს სულიერი კანონები, ისევე, როგორც ფიზიკური. ამ კანონების დარღვევამ, შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.  

 - ქართულ საგალობლებზე რას იტყოდით?

სულის წამალია. ვფიქრობ, მხოლოდ საგალობელის შესრულების ან სმენის დროს შეიძლება ისეთ სულიერ მდგომარეობას მიაღწიო, რომ ღმერთზე გეფიქრებოდეს უწყვეტად. 

 - რას უსურვებდით შობა-ახალ წელს თქვენს გულშემატკივრებს და სრულიად საქართველოს?

width=600

ჩემს გულშემატკივრებთან, მადლობის მეტი რა მეთქმის! სრულიად საქართველოს კი, მშვიდობას და რწმენის გაძლიერებას ვუსურვებ! 

ავტორი: რუსა ღვანიძე