„მიშველე ნაილაო“, შეიძლება მითხრას პრეზიდენტმა და ცოლად გავყვე“ - ნინო ლეჟავა 46 წლის გახდა

14:38 01-10-2020
91

მსახიობი ნინო ლეჟავა დღეს იუბილარია. არც ასაკს მალავს და არც განწყობას. მსახიობი მამის მსგავსად თავმდაბალი და პროფესიონალია. მუდამ პოზიტიურ ენერგიას ასხივებს. 

კარიერის დასაწყისში, 18 წლისამ კინოში ისეთი ტრაგიკული სახე შექმნა („თბილისი ჩემი სახლია“), ძნელიც კი არის, იმ თამასის შენარჩუნება, აწევა მითუმეტეს. ნინო მას შემდეგ არ გაჩერებულა, პროფესიული ზრდისთვის არაფერს იშურებს, არც უიღბლო თუ წარუმატებელ სპექტაკლებზე უთქვამს უარი. არ ჩერდება. ამასობაში მის ცხოვრებაში გაჩნდა ნაილა, „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, პრეზიდენტის დარდიმანდი დაქალი. იუბილარი ნაილაზე და არა მხოლოდ მასზე, „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

ნინო ლეჟავა: - ნაილა ერთი ჯიგარი, ტკივილგამოვლილი, მრავალჭირნახული ცხოვრების მქონე, გულჩათხრობილი ქალია, რომელიც არასდროს ამჟღავნებს თავის პრობლემებს და არავის თავს არ ახვევს. მუსიკალურ სფეროში განათლებულია, სულ სხვა რამ უყვარს, მაგრამ მასაზე გათვლილი სიმღერებით იძულებითაა დაკავებული. ასეთი ბიოგრაფია შევთხზე ნაილაზე. ასეთი ქალი რამდენიც გინდათ, იმდენია, მისი სიმთრალეებიც მთვრალი ქალების და კაცების დეტალებისგანაა აღებული. 

საერთოდ ვერ ვიტან ალკოჰოლს, ვერც ვსვამ და არც მიყვარს მთვრალი ქალი. დაბალალკოჰოლიან სასმელს გეახლებით მხოლოდ -  როგორიცაა მოჰიტო და ბეილისი, მაქსიმუმ სამი ჭიქა ლუდი. 

- რა არის თქვენთვის მიუღებელი ნაილასგან?

- კაცებისთვის ბრძოლა. მაგრამ ნაილაც თავის დარდს ამაში კლავს, მარტოობას გაურბის. თუ ნუგო უყვარდა, როგორ შეიძლებოდა პატარა ბიჭი ყვარებოდა. მაშინ პრეზიდენტზეც ინადირებდა, მაგრამ „ტრუსიკის“ ძმაკაცია და ამას არ სჩადის... ისე, კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოიმოქმედოს. სცენარისტზეა დამოკიდებული, იქნებ თვითონ პრეზიდენტს დასჭირდეს გვერდით პირველი ლედი, „მიშველე ნაილაო“, მითხრას უცებ და ცოლად გავყვე. კაცმა არ იცის. კახა გოგიძე ჩემი ახლო მეგობარია, უნიჭიერესია და დიდ პატივს ვცემ როგორც პროფესიონალს. 

- ასაკს მალავთ?

- არა, რა თქმა უნდა, დღეს 46 წლის გავხდი. იმედიანად ვარ, რომ ჯერ ისევ „პად პიისიად“ ვარ (იცინის). თავს კარგად ვგძნობ, ვერ ვგრძნობ ამ ასაკის მატებას. რაც ვიყავი, ის ვარ. პოზიტიურად. შინაგანად 25 წლამდე მგონია თავი. იმის იქით არ წავსულვარ. ბოღმა აბერებს და აჭაღარავებს ადამიანებს. მე წელიწადში ორჯერ თუ შევიღებავ თმას, მოდისთვის, ისე სამი ღერი ჭაღარა მაქვს. ისიც მშობლების გარდაცვალებისას გამიჭაღარავდა. 

ნაოჭი თუ მაქვს, ეგ ჩემი ცხოვრების ისტორია  და სახელოვნებო მიმიკაა, რაც სახის კუნთების ვარჯიშია. არ მოეშვება. რაც მეტს იცინი, ქაქანებ და ამუშავებ კუნთებს მით გვიან ჩამოგეტყლარწება სახის კანი. ისე არ დავნაოჭებულვარ, ორთქლის უთო დამჭირდეს. ვუვლი სახის კანს. ბოტოქსს ვერ ვიტან. მიმიკა არ მექნება, ვერ ვითამაშებ, ვერ ვამოძრავებ. ყველამ ის უნდა გაიკეთოს სილამაზისთვის, რაც აბედნიერებს, ჩემთვის ბოტოქსი მიუღებელია. თხელი კანი მაქვს და მასაჟებით, საცხებით და ბუნებრივი ნიღბებით მირჩევნია მოვუარო. ჩინელები სულელები კი არ არიან, ბრინჯზე რომ გიჟდებიან. ბრინჯის ნახარში არის ბუნებრივი ბოტოქსი. კვირაში ორჯერ, დრო თუ მაქვს, ნელთბილი გადაწურული ნახარშით ვიბან სახეს, შევიშრობ და მერე მკვებავს ვისვამ. „შისეიდოს“ ბევრი კოსმეტიკური საშუალება ბრინჯზეა დამზადებული. 

- კარიერით კმაყოფილი ხართ?

- ჯერ მე ჩემი შესაძლებლობა არ ამომიწურია. ყველა ხელოვანს აქვს ასეთი შეგრძნება. შეიძლება გულისწყვეტა იმაზე მქონდეს, რომ ბევრმა ისეთმა როლმა ჩაიარა, უბრალოდ ასაკიდან გამომდინარე ვეღარ ვითამაშებ. თუმცა მადლიერი და კმაყოფილი ვარ იმ კარიერული გზით, რაც გამოვიარე. მსახიობი არავის შვილობით არ გავხდარვარ. უდიდესი პატივისცემით ვარ მამას მიმართ, გია ლეჟავას შვილად დავრჩი, მაგრამ არა - პროფესიაში. ჩვენ ორივეს ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა და გვაქვს. 

- გია ლეჟავას სახელი და რეპუტაცია არასდროს დაგხმარებიათ?

- არ გამომიყენებია. ნაბიჯ-ნაბიჯ, წვალებით, უღელში ჩაბმული შრომით მოვდივარ და ამით ბედნიერი ვარ. ვიღაც ჩემზე ნიჭიერი შეიძლება იყოს, მაგრამ არასწორი მოქმედებით და უიღბლობით ჩრდილში იდგეს. 12 ადამიანი ვიყავით ლილი იოსელიანის ჯგუფში, მათგან მხოლოდ მე ვარ შტატის მსახიობი, თან ორ თეატრში. როგორ უნდა დავემდურო ბედ-იღბალს? დაუზარელი ვარ, 1997 წელს დავამთავრე ინსტიტუტი და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. ცუდი რეჟისორი იყო თუ წარუმატებელი სპექტაკლი, უარი არ მითქვამს, ჩავარდნა რომ არ მქონოდა და ცუდად ჯდომას ცუდად შრომას ვამჯობინებდი. 

- როგორი  იყო მამის დამოკიდებულება თქვენდამი, როგორც მსახიობისადმი?

- დადებითი იყო და მის როლებზე გამოთქმულ ჩემ აზრსაც მნიშვნელობას ანიჭებდა. თუ მეტყოდა, ხელი არ ახლო ამ როლს, კარგიაო, ვუჯერებდი, თუმცა მე ჩემ თავზე მაინც ვმუშაობდი. ბედნიერი და გახარებული იყო, ჩემი პირველივე როლით - „თბილისი ჩემი სახლია“, „ოქროს არწივი“ ავიღე და ამით ისტორიაში შევედი, როგორც 18 წლის ასაკის პრიზის მფლობელი. ვთვლი, რომ გიამდე რომ მივიდე, პროფესიონალური თვალსაზრისით, ბევრი მაქვს სასწავლი. მამა 45 წელი იდგა სცენაზე და ეს ხელწამოსაკრავი თარიღი არ არის. ყოველი დღე ჩემს პროფესიაში წვრთნაა, ახალგაზრდებიდანაც ვსწავლობ და ძველი თაობის კოლეგებისგანაც. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე