არაერთი დეტალი მიანიშნებს იმაზე, რომ თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო - ბორის ჯონსონი

10:49 01-10-2020
103

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმი ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ თეირანის მახლობლად უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ირანმა ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent-ი ავრცელებს.

„არაერთი დეტალი მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა საზენიტო დანადგარმა ჩამოაგდო. შესაძლოა, ეს შემთხვევით მომხდარიყო“, - განაცხადა ჯონსონმა.

მანამდე უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანი კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომაც დაადანაშაულა.  მისი თქმით, ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი თეირანში ირანის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდო.​

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.