არ მჯერა რომ ბიძინა რუსეთის კაცია, არ მჯერა რომ კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს - ზურა გირჩი ჯაფარიძე

10:33 01-10-2020

„მე არ მჯერა რომ ბიძინა რუსეთის კაცია, ჩემი აზრით ერთადერთი რაც ამ ადამიანს ადარდებს - პირადი უსაფრთხოებაა“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი გლობალური თუ რეგიონალური მოთამაშის გაღიზიანებ არ სურს.

„მე არ მჯერა რომ ბიძინა რუსეთის კაცია.

არ მჯერა რომ კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს.

არც ის მჯერა რომ ქვეყნის დაქცევა უნდა.

ჩემი აზრით, ერთადერთი რაც ამ ადამიანს ადარდებს - პირადი უსაფრთხოებაა.

სხვა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქვს, თავისთვისაც და თუ ვინმე ჰყავს გარშემო, ვისდამიც რაიმე გრძნობა გააჩნია, ცოლი იქნება, შვილი თუ საყვარელი დეიდაშვილი - ყველასთვის

მაგრამ მისი ეს პირადი უსაფრთხოება ამ ქვეყანაში დგას ორ რამეზე:

ერთი - ფინანსური რესურსის იმ მასშტაბის პირობებში რაც მას გააჩნია, ქვეყნის შიგნით მას რეალური საფრთხე შეიძლება დაემუქროს მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან. ვერცერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი მისთვის რეალური საფრთხე ვერ იქნება. აი სახელმწიფო, როგორც ძალადობაზე მონოპოლიის მქონე ცენტრალიზებული ინსტიტუტი - კი

ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია რომ ამ სახელმწიფოზე, განსაკუთრებით მის ე.წ. ძალოვან და მართლმსაჯულების ნაწილზე, ეფექტური კონტროლი შეინარჩუნოს

ამიტომ არ უნდა ძალაუფლების ხელიდან გაშვება.

და მეორე რაზეც დგას მისი პირადი უსაფრთხოება - ესაა ბალანსირება საგარეო ურთიერთობებში

არავინ, არც ერთი გლობალური თუ რეგიონალური მოთამაშე არ უნდა გააღიზიანოს ისე რომ მან გადაწყვიტოს მისი ხელისუფლებიდან გაშვება

არც რუსეთი, არც ამერიკა, არც თურქეთი და, პრინციპში, არც აზერბაიჯანი

მაგრამ რეალურ სამყაროში ეს ასე მარტივად არ ხდება.

ამ მოთამაშეთა ინტერესები ხშირ შემთხვევაში კონფლიქტშია

და, შესაბამისად ერთის არ გაღიზიანება, ნიშნავს მეორეს გაღიზიანებას.

ამიტომ, უნდა არ უნდა, უწევს არჩევანის გაკეთება

მთავარი 2 კითხვა რომლებზე პასუხიც მნიშვნელოვანია:

1. ვისი უფრო ეშინია? ვისი არ გაღიზიანება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია ძალაუფლების შენარჩუნების და პირადი უსაფრთხოების უზრუნველჰყოფის თვალსაზრისით?

2. რა მასშტაბისაა ეს შიში? რა დათმობაზეა წამსვლელი ამ შიშის გამო?

ის რაც კაკულიამ თქვა გუშინ ანაკლიის პროექტზე, გასაგებ პასუხებს იძლევა ამ კითხვებზე.

1. რუსეთის უფრო ეშინია

2. და ისე ეშინია, რომ მზადაა ქვეყნისთვის ერთერთი ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ზვარაკად შესწიროს ამ შიშს

რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს იმას რომ ის არ გააკეთებს არაფერს რაც რუსეთს ოდნავ მაინც გააღიზიანებს

ეს ნიშნავს იმას რომ, მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო:

ის არ მოაწერდა ხელს საქართველოს დამოუკიდებლობაზე,

ის არ მოაწერდა ხელს ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის გატარებაზე,

ის არ მოაწერდა ხელს რუსული ბაზების გაყვანაზე,

ის არ მოაწერდა ხელს ეს ენ გე-დან გამოსვლაზე,

ის არასოდეს წამოიწყებდა ნატოსთან ინტეგრაციას,

ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა, როცა მისი გადასაწყვეტია, ის არ მოაწერს ხელს არც ერთ ასეთი მასშტაბის ამბავზე

არაფერზე, რაც რუსეთს გააღიზიანებს

და რუსეთს აღიზიანებს ყველაფერი პოზიტიური რაც შეიძლება მოხდეს ჩვენს თავს

ყველაფერი, literally

ეს ნიშნავს რომ კარგ შემთხვევაში ვრჩებით ჭაობი, ცუდ შემთხვევაში - ვქრებით როგორც ქვეყანა.

თუ ტვინი არ გავანძრიეთ, ეს მოცემულობა არ გავიაზრეთ, და ძალიან არ მოვინდომეთ მისი შეცვლა.

ეს თქვა გუშინ კაკულიამ.

ოღონდ ისე თქვა, თითქოს არაფერი“, - წერს ზურა ჯაფარიძე.