მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო – ტრუდო

10:05 01-10-2020
96

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი თეირანში ირანის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდო.

როგორც კანადის საზოგადოებრივი მაუწყებელი (CBC) იუწყება, კანადამ ტრაგედიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღო ამერიკული დაზვერვისგანაც.

„ჩვენ სადაზვერვო ინფორმაცია გვაქვს მრავალი წყაროსგან, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისგან და ჩვენივე დაზვერვის სამსახურისგან. მტკიცებულება მიუთითებს, რომ თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით. რაც გუშინ მოხდა, ეს ტრაგედიაა“, – CBC-ის ცნობით განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

ავიაკატასტროფის შესახებ საეჭვო გარემოებებზე მიუთითა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.

სანამ კანადის პრემიერი აღნიშნულს საჯაროდ იტყოდა, ამერიკულმა მედიამ პენტაგონისა და აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანმა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“  ბოინგ 737-800 8 იანვარს, გამთენიისას ჩამოვარდა ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი. დაღუპულებს შორის არის ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11 (მათგან ეკიპაჟის 9 წევრი), შვედეთის 10, ავღანეთის 4, ბრიტანეთის 3 და გერმანიის 3 მოქალაქე.

CBC-ის ცნობით, თვითმფრინავში მყოფი მგზავრებიდან 138 პირი სწორედ კანადის მიმართულებით მიფრინავდა.