თავის მოკვლაზე ვფიქრობ, ვიცი ძალიან ცუდი რამეა... სულისშემძვრელი წერილი „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტს

16:37 01-09-2020
1525

„რანაირი დამთხვევაა. ვფიქრობდი როგორ მოვიკლა თავი, დანით წამლით თუ ტყვიით. ჩავრთე ფეისბუქი და შენი ლაივ ჩართვა ვნახე, სასამართლოს ეზოში ვიღაცამ პროტესტის ნიშნად ბენზინი, რომ გადაისხა და თავის მოკვლა სცადა. დაგინახე და თანაც რა თემით...

ავლაბარში მხატვარი, რომ ცხოვრობს ჯაფარიძე ის ვარ, ნაცნობი გაჭირვებული, გახსოვარ? ადრე სიუჟეტი მოამზადე ჩემზე. თუ გამიხსენებ ხომ კარგი და თუ ვერა, არაუშავს... დაავადება მაქვს მოურჩენელი და მაწვალებს. თავის მოკვლაზე ვიქრობ, ვიცი ძალიან ცუდი რამეა, მაგრამ თუ სიარული ვეღარ შევძელი და მუშაობა, მაშინ სხვა რა გზა მრჩება. მუშაობით ნაშოვნი ფულით ვყიდულობ წამლებს, უბრალოდ სხვა გზას ვერ ვხედავ. განა რამის მეშინია, არა. მართლა არ მექნება სხვა გამოსავალი. ძნელი მოსასმენია მეგობარო, მაგრამ ეს სიმართლეა... ჩემთვის დროის დახარჯვა არ ღირს. გამიხარდა, რომ დაგინახე, გაგიმარჯოს მეგობარო...“ ...   

წერილის ბოლომდე ჩაკითხვა ვეღარ შევძელი. მაშინვე შევეხმიანე და ამ საზარელი ფიქრების თავიდან მოშორება მოვთხოვე, დიახ მოვთხოვე და არ ვთხოვე...  

გზავნილი გუშინ, გვიან ღამით მივიღე სოციალურ ქსელში და მას შემდეგ ვფიქრობ სად არის გამოსავალი. ისევ თქვენამდე, მკითხველამდე მოტანა გადავწყვიტე, რადგან საზოგადოება არაერთხელ გაერთიანებულა სხვის დასახმარებლად და ჩვენ ყველას ერთად, არაერთი სიცოცხლე გადაგვირჩენია....

ამ შემზარავი და ტრაგიკული წერილის ავტორი, ყველასგან მიტოვებული, მარტოხელა მხატვარი არჩილ ჯაფარიძეა... მთელი შეგნებული ცხოვრება შრომაში გაატარა. ყველასგან მივიწყებული, ახლა მხოლოდ უპატიებელ ცოდვაზე ფიქრობს... 58 წლის არის და ფიქრობს, რომ ცხოვრება დაასრულა... ჟამთა სვლამ ცოტა კარგი და ბევრი ცუდი ანახა. იმედი არასდროს დაუკარგავს, მაგრამ ახლა ისიც დაკარგა და გამოსავალს ვეღარ პოულობს...

იყო დრო, როცა მასაც ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა...

„ვაკეში დაიბადა. მერვე კლასამდე  55-სკოლაში სწავლობდა, შემდეგ მამა გარდაეცვალა და სხვა უბანში გადავიდნენ საცხოვრებლად. მესამე კლასიდან ხატავს, ეს ნიჭი დედისგან გამომყვაო -ამბობს. სკოლის დამთავრების შემდეგ თოიძეში ჩააბარა. სწავლის დროს დაიწყო მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი იყო. პირველად ფინანსთა სამინისტროში დასაქმდა  მხატვრად - განცხადებებისა და ლოზუნგების ხატვა უწევდა კომუნისტების პერიოდში.  ჯერ მხოლოდ ფილარმონიისთვის ქმნიდა აფიშებს, შემდეგ სპორტის სასახლისთვის, დინამოს სტადიონისა და თოჯინების თეატრისთვისაც... პარალელურად სალონებში ნახატებს ყიდდა. იყო შეკვეთები ხმის ჩამწერი სტუდია „მელოდიიდანაც“, სადაც ფირფიტების გარეკანს აფორმებდა. 12 წელი იმუშავა ფილარმონიაში...

ფილარმონიიდან წამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა რეზინის სათამაშოების ქარხანა გაეხსნა. თავიდან ისწავლა ქიმია და ფიზიკა. ყველა დანადგარი საკუთარი ხელით ააწყო, გამოცდილების მისაღებად მოსკოვში წავიდა და ერთ - ერთ თოჯინების ქარხანაში გაიარა პრაქტიკა. მოიპოვა დაფინანსება, იყიდა დიღომში ადგილი, გამართა ქარხანა, მაგრამ ქვეყანა აირია. ბანკში პროცენტის გადახდა ვეღარ შეძლო და დაუყადაღეს ქარხანა. მერე გაძარცვეს, დანადგარები განადგურდა...

ერთ დღესაც ყველასგან მიტოვებული  ქუჩაში აღმოჩნდა. დედა 2006 წელს გარდაეცვალა, მომდევნო წელს  სახლი დაკარგა, დეტალებზე საუბარი ახლა არ სურს. ნათესავიც არავინ აღმომაჩნდა ისეთი, რომელიც გვერდით დაუდგებოდა. ძმა ჰყავს, თუმცა მასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს, ბევრჯერ სცადა, მაგრამ მან არ მოინდომა. ქუჩაში დარჩენილი, პარკში ათევდა ღამეს. მერე როცა აცივდა და გაუსაძლისი გახდა ღია ცის ქვეშ ღამისთევა,  ჯვარის მამის მონასტერში მივიდა. ცოტა ხანს იქ იცხოვრა. მერე პენსიაც დაენიშნა და საშუალება მიეცა ბინა ექირავებინა...

დღეს ავლაბარში, სამებისკენ მიმავალ აღმართზე, ერთ-ერთი იტალიური ეზოს პირველ სართულზე მდებარე პაწია ოთახში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ ერთი საწოლი ეტევა...  ქირაში 70 ლარს იხდის. ნესტი და  ბაღლინჯოა სახლში, ამის გამო ბევრჯერ გადაყარა თეთრეული.

წლების წინ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ექიმებმა ტროპიკული წყლული დაუდგინეს. მკურნალობის კურსი უსახსრობის გამო ვერ ჩაიტარა. ახლა თავის დამზადებულ მალამოს ისვამს. მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსიაა, რომელის ნაწილიც წინასწარ აქვს გამოტანილი და ნახევარი უკავდება. სოციალური დახმარება ქირაში მიდის. უფასო სასადილოს სერვისითაც ვერ სარგებლობს, რადგან სიარული უჭირს. ყოველდღე ვერავის დავავალდებულებ, რომ მომიტანოსო - ამბობს. ხშირად არის დღეები როცა ვერაფერ ჭამს.

აკრძალული სიყვარული

კლასელი გოგონა უყვარდა, რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ დედამისი არჩილის მოგვარე იყო და იქ დაასრულა ყველაფერი. ორჯერ შექმნა ოჯახი უსიყვარულოდ და ორჯერვე დაშორდა... გული სწყდება, რომ დღეს აღარავის ახსოვს. მოძალებულ ემოციებს პატარა ოთახში, ხატვაში იკლავს. თავის მოკვლაზე ადრეც უფიქრია, ერთხელ მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ როგორც ამბობს სასწაულმა გადაარჩინა. 

საქართველოში გერმანიის პირველი ელჩის დაუჯერებელი ამბავი

„სოხუმის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში გერმანიის საელჩო გაიხსნა. მაშინაც სასტუმრო „მეტეხში“ მდებარეობდა. ფინანსურად კარგად ვიყავი. ქართული სტუმარ-მასპინძლობა გამოვიჩინე და მათ ვესტუმრე. თან ორი წიგნი წავიღე, „სვანეთის ცის ქვეშ“ და „სვანეთი“. ბატონ ელჩს, გიუნტერ დალჰოფს ვუთხარი, საქართველოში არსებობს ერთი ლამაზი კუთხე, თოვლიანი მთებით - მეთქი...  რა თქმა უნდა სვანეთი ნანახი არ ჰქონდა, ამიტომაც 30 ათასი მანეთად ვიქირავე ვერტმფრენი საკუთარი ხარჯებით და საელჩოს თხუთმეტ კაციან დელეგაციასთან ერთად, უშგულში ლამარიას ეკლესიის გვერდით ჩავფრინდით. ჯერ ციდან გადაირივნენ, მერე მესტიის მუზეუმით აღფრთოვანდნენ, მჟავე წყალზე ჩავიყვანე და გავასინჯე.. ერთი სიტყვით, ლამარიას ეკლესია საგანგებოდ გავაღებინე. იქ ყველა ადამიანს არ აქვს შესვლის უფლება, ქალებს საერთოდ არ უშვებენ. მე და ელჩი შევედით. ერთ-ერთ ადგილობრივს მოვატანინე რახი(არაყი). იქვე სარკმელზე იდო ოქროს თასი და წარმოვთქვი სადღეგრძელო. დავანთეთ სანთლები. ელჩი აღფღთოვანებას ვერ მალავდა. მერე დიდებული სუფრა გაიშალა. ერთ მხარეს უშბა ჩანდა და მოპირდაპირე მხარეს  – თეთნულდი.  იქიდან, რომ წამოვედით. ვერტმფრენი კოშკების თავზე მიფრინავდა. ერთ დღეში შევაყვარე სვანეთი. რომ ჩამოვედით, ბატონმა ელჩმა დამიბარა და მკითხა, რატომ წამიყვანე, რა იყო მიზანიო...   შემომთავაზა, გერმანიაში მოგაწყობ სამსახურში, საცხოვრებელიც გექნებაო, მაგრამ უარი ვუთხარი, სად ვიყავი წამსვლელი... ამ ამბიდან გადის ერთი წელი, სოხუმი დაეცა. მირეკავენ გერმანიის საელჩოდან და საოცარ ამბავს მიყვებიან. თურმე, ჩასულა ბატონი გიუნტერ დალჰოფი გერმანიაში, გაყრია ცოლს, რაც დიპლომატიური სამსახურისთვის მიუღებელია. უარი უთქვამს კარიერაზე, ჩამოსულა საქართველოში და სვანეთში დასახლებულა. გარკვეული პერიოდი სვანეთში, უშგულში უცხოვრია. შეურთავს სვანი ქალბატონი ცოლად და იქ გერმანულ ენას ასწავლიდა. ალბათ ქართულიც ისწავლა და სვანურშიც გაერკვა. მაშინ ვხუმრობდი, დამიღუპია - მეთქი. მერე სვანეთში მოვიკითხე, გერმანელი კაცი გიუნტერ დალჰოფი თუ ცხოვრობს-მეთქი და დამიდასტურეს. ახლა ასაკში იქნება. მას შემდეგ  მასთან არანაირი კონტაქტი აღარ მქონია.“

„პრაიმტაიმის“ მკითხველს არაერთხელ გადაურჩენია, ადამიანების სიცოცხლე. ახლაც გვჯერა, რომ ერთად დგომით ისევ შევძლებთ კიდევ ერთი ადამიანის დახმარებას, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი