ირანში ქართველების დასახმარებლად საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს - გიორგი გახარია

10:22 01-09-2020
97

მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ, ფართოდ რეგიონისთვის, ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან კავშირზეა საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.

„ბოლო დღეების განმავლობაში ყველას ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირში არიან თავიანთ პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შესაძლოა იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, წარმომადგენლობების, საკონსულოებისა და საელჩოების საშუალებით, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

ცნობისთვის, 8 იანვარს გამთენიისას ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სამიზნე ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ გახდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ეს დარტყმები თეირანის პასუხია აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე.

თავის მხრივ, პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ბუნკერებში დამალვის შესაძლებლობა ჰქონდათ. 

გუშინ დონალდ ტრამპმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის იყო ერთ-ერთი მთავარი ტერორისტი, რომელიც გაანეიტრალა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონი უსწრაფესად იმოქმედებს იმისათვის, რომ ირანს დამატებითი მკაცრი სანქციები დაუწესდეს.