რამდენი ლარი სჭირდება გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექინსპექტირებას - მესხიშვილის განმარტება

09:59 01-09-2020
305

„თხევად აირზე მომუშავე ავტომობილების ტექინსპექტირების პროცედურას 250 ლარი სჭირდება,“ - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა.

მესხიშვილის თქმით, ტექინსპექტირების გასავლელად დადგენილ თანხაზე დაწესებული უნდა იყოს ქვედა და ზედა ზღვარი, რათა არ მოხდეს მისი გაძვირება. ამასთან, მისივე თქმით, გამოსავალი აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის შემოწმების გადავადება იქნება, იმიტომ, რომ მძღოლები ამ პროცესისთვის მზად არ არიან.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ვერ შესთავაზა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ავტომფლობელებს, გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი აღარ არის აღნიშნული მომსახურება, ამიტომ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იქნება აირბალონიანი სისტემის შემოწმების გადავადება იმიტომ, რომ მძღოლები ამ პროცესისთვის მზად არ არიან. ​ტექინსპექტირების გავლას სჭირდება ხანგრძლივი პროცედურა და თანხა, რომელიც საშუალოდ ჩემი ინფორმაციით, არის 250 ლარი. არ ვიცი, ვინ დაადგინა ეს თანხა. თუ მაგალითად, ჩვეულებრივი ინსპექტირების შემთხვევაში არის 60 ლარი და სახელმწიფო ამაში ჩაერია, რომ ვიღაცას არ აეწია თანხები ხელოვნურად, ამ შემთხვევაში საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვთ შესაბამის სტრუქტურებს. ამიტომ, დასადგენია ან ქვედა ზღვარი ან ზედა ზღვარი, რადგან როცა შენ მძღოლს ავალდებულებ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთოს, უნდა დავუშვათ რისკი, რომ შესაძლოა გაძვირდეს კიდევ, - განაცხადა მესხიშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციით, თხევადი გაზის აირბალონიანი შემოწმება სავალდებულო გახდა.