გირგვლიანის საქმეზე შედარება აზიანებს დაზარალებულების ინტერერსებს - სოფო ხორგუანი

23:51 01-08-2020
182

სოფო ხორგუანი ეხმაურება საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც პარალელებს ავლებენ მურად წურწუმიას მკვლელობასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობას შორის.

„გირგვლიანის საქმე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მომართული იმისკენ, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის. მთელი შსს და სახელმწიფო უწყებები მუშაობდა იმისათვის, რომ ეს საქმე მიეჩქმალათ“, - ამბობს სოფო ხორგუანი.

როგორც უფლებადამცველი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, ახლა იმაზე საუბარი, რომ ეს არის გირგვლიანის ან რობაქიძის საქმის მსგავსი, აზიანებს დაზარალებულების ინტერესებს.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, კრიმინალი ცხადია სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ იმაზე საუბარი, რომ დღეს იქ მყოფმა ადამიანმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, გამოიყენა თავისი თავისი თანამდებობა, რომ ეს საქმე მიიჩქმალა და არ გვყავს კონკრეტული ბრალდებული, არ შეიძლება. როგორც ვიცი გამოძიება გრძელდება და სხვა პირების გამოვლენა თუ მოხდება ისინი წარდგებიან სასამართლოს წინაშე.

ახლა ამაზე ლაპარაკი, რომ ეს არის გირგვლიანის ან რობაქიძის საქმის მსგავსი, მხოლოდ აზიანებს დაზარალებულების ინტერესებს, იმიტომ რომ მართლა კონტრპროდუქტიულია. რეალურად ამ დროს ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს ადეკვატური, რომ გამოძიება წარიმართოს ობიექტურად და ყველამ პასუხი აგოს, ეს უნდა იყოს ჩვენი მოთხოვნა და არა ასეთი გაზვიადებული შეფასებები. არ არის ეს გირგვლიანის მსგავსი საქმე. ერთადერთი საქმე რომელიც მკვლელობებთან დაკავშირებით მახსენდება, რომელზეც როგორც ვიცი პროკურატურაში გამოძიება კიდევ მიმდინარეობს და იმედია ოდესმე დასრულდება, ეს არის მაჩალიკაშვილის საქმე.

ასეთი საკითხებია, რომელზეც შეიძლება ვიყო გაბრაზებული და პრეტენზია მქონდეს დღეს მართლმსაჯულებასთან, მაგრამ ის რომ ეს კონკრეტული შემთხვევა გირგვლიანის საქმეს მივაბა ან პირდაპირ დავაკავშირო ან პარალელი გავავლო არის არაადეკვატური“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ სოფო ხორგუანი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი, შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ზურა ფოფხაძეა დაკავებული. საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.