თბილისში თეირანის რეისი ჩამოფრინდა - რა ხდებოდა აეროპორტში

22:22 01-08-2020
6596

დღეს 18:45-ზე თბილისის აეროპორტში თეირანის რეისი ჩამოფრინდა. „პრაიმტაიმმა“ ირანიდან ჩამოსულ მგზავრებთან გასაუბრება მოახერხა.

თავშივე გეტყვით, რომ პანიკა იმის თაობაზე, რომ ირანიდან დევნილები შემოდიან, თან მოაქვთ ავეჯი და უამრავი ჩემოდანი, გადაჭარბებულია.

ჩამოდიან ტურისტები, რომელთაც აქაური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები ხვდებიან.

დავინტერესდით, რა გეგმები ჰქონდათ მათ საქართველოში.

ზოგიერთი მათგანი 3 დღით აპირებს დარჩენას, ზოგი - 1 კვირით. მათი უმეტესობა თოვლში სასრიალოდაა ჩამოსული.

ერთ-ერთი ტურისტული კომპანია კი კაზინოში სათამაშოდ ჩამოსულ 10 ტურისტს ხვდებოდა.

-         ჩვენი მუდმივი ვიზიტორები არიან და კაზინო ასეთ კლიენტებს თავად ემსახურება და  მათ ტრანსპორტირებას ახდენს, - თქვა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა.

მგზავრების უმეტესობა კითხვაზე - რა სიტუაციაა დღეს ირანში, გაოცებული გვპასუხობდა - რასთან დაკავშირებით მეკითხებითო?

როდესაც კითხვას დავაზუსტებდით, რომ ამერიკა-ირანს შორის არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე გვსურდა მათი კომენტარი, ზოგი მხრებს იჩეჩდა, - არაფერი ვიციო, ზოგი იღიმოდა, - ნუ ქმნით ქარიშხალს ჭიქაშიო.

ზოგი ამბობდა, - ყველაფერი ძალიან მალე დაწყნარდება, სანერვიულო და მით უმეტეს - საპანიკო არაფერიაო.

ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა კი ნეკები გადააჯაჭვა და გვითხრა, - ამერიკა და ირანი ძმები არიან და არაფერი ემუქრება მათ ურთიერთობასო.

-         ნუ დათესავთ პანიკას, არაფერი ხდება. მე ჩემი ოჯახი დავტოვე, მეუღლე, 6 შვილი და ჩამოვედი საქართველოში მეგობართან, რომ ახალი წლის დღეები გავატარო და უკან დავბრუნდე. საშიშროება რომ არსებობდეს, ცოლ-შვილს არ დავტოვებდი და გასართობად არ წამოვიდოდი - დაგვამშვიდა ირანელმა ტურისტმა