როგორ განვითარდა მოვლენები ვარკეთილის სასაფლაოზე ბედობის ღამეს - მკვლელობის უცნობი დეტალები

18:52 01-08-2020
5761

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ორ იანვარს, ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის დღემდე უცნობი დეტალები, მათ შორის ამ საქმის მთავარი მოწმის ვინაობა, რომელიც შემთხვევის დროს სასაფლაოზე სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძესთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა სანამ მის შესახებ გიამბობთ, შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ორ იანვარს ვარკეთილის სასაფლაოზე მოხდა, სადაც ფიზიკური დაპირისპირების დროს მძიმე დაზიანებები მიიღო 26 წლის მურად წურწუმიამ.

დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმა, მუხრან ჩხვირკიაც, რომელმაც თავს გაქცევით უშველა, 26 წლის მურადი კი მიყენებული დაზიანებებით მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ სასაფლაოს ინციდენტში სპეცრაზმელთან ერთად მონაწილე მეორე პირიც სამართალდამცველია არ დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ ის ზურაბ ფოფხაძის ბავშვობის მეგობარი ვახტანგ ბურძენაძეა.

40 წლის ბურძენიძე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობს.

ერთი წლის წინ, მას მოულოდნელად ძმა გარდაეცვალა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სწორედ მისი ძმის საფლავზე იმყოფებოდნენ ორ იანვარს ზურაბ ფოფხაძის ავტომობილით.

ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მეგობრის საფლავიდან გამოსულ ზურაბ ფოფხაძეს მის ავტომობილში ორი უცნობი პირი დახვდა, რომლებიც ადვოკატის ინფორმაციით, ავტომობილის წაყვანას ცდილობდნენ.

„ბრალდებული მეგობართან ერთად იყო სასაფლაოზე, როდესაც გამოვიდა ნახა მის მანქანაში მყოფი პიროვნებები, რომლებიც ცდილობდნენ მანქანის წაყვანას. მან გადმოიყვანა ესენი მანქანიდან, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მათ დაახლობით 15 მეტრის გავლა მოახერხეს და ბოძსაც დაეჯახნენ. პიროვნება (ბრალდებული) იბრუნებდა ნივთს, რასაც მოჰყვა ცემა და სამწუხაროდ დადგა ეს შედეგი. მათ არ მიატოვეს ეს პიროვნება და ბრალდებულმა საკუთარ სახლში წაიყვანა. ის არ მიუტივებიათ. სახლში, ოჯახურ პირობებში უწევდნენ დახმარებას. და როდესაც მდგომარეობა გართულდა, თავადვე გამოიძახეს უკვე სასწრაფო და საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს იყო ორმხრივი ჩხუბი“, - ამბობს სპეცრაზმელის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა.

ის ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს გარდაცვლილ ახალგაზრდას თვალი აქვს ამოთხრილი. ადვოკატი ამ შემთხვევაში ეყრდნობა საქმეში არსებულ ტომოგრაფიული კვლევის შედეგებს, სადაც წერია:

„თვალის კაკლები დეფორმაციის გარეშეა. მხედველობის ნერვები ვიზუალიზდება კეროვანი დაზიანების გარეშე“.

სამედიცინო დაწესებულების ექიმი მაგდანა გუტაშვილი, რომელმაც საავადმყოფოში მიიღო პაციენტი ყვება, რომ მურად წურწუმიას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თავის არეში მიყენებული ტრავმვა გახდა, თუმცა ექიმი, ასევე არ ადასტურებს, რომ პაციენტს თვალი ჰქონდა ამოთხრილი.  

„პაციენტი ჩვენთან, რომ შემოვიდა გუგები ჩემს მიერ შეფასდა და ორივე თვალის გუგა შეფასებული და დაფიქსირებულიც მაქვს ისტორიაში, ანუ თვალი ჰქონდა და იმიტომ შევაფასე გუგა. დაზიანებები ჰქონდა სხეულზე, ასევე თავის ტვინის ტრავმვა, რამაც სამწუხაროდ, გამოიწვია ფატალური შედეგი“, - ამბობს მიმღები ექიმი.

გარდაცვლილის ძმა, მუხრან ჩხვირკია ვერ იხსენებს, რის გამო დაიწყო ჩხუბი, თუმცა ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირპირებაში ორი პირი მონაწილეობდა. ოჯახი სპეცრაზმელთან ერთად ვახტანგ ბურძენაძის დაკავებასაც ითხოვს.             

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ სამართალდამცველს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.  ზურაბ ფოფხაძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას,  რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა. ჩემი მიზანი იყო, რომ მანქანა არ წაეყვანათ და მოყვა ასეთი ტრაგიკული შედეგი, რაც ჩემი მიზანი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს... პატიმრობა შემიფარდეთ“, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა წინასწარი აღკვეთი ღონისძიების განხილვის დროს.