„ქართულად ნათქვამი გამარჯობის გამო სამი ოჯახი დაღუპეს!“, - ფოტოგრაფის ემოციური ინტერვიუ

18:40 01-08-2020
1165

ცოტა ხნის წინ, რომში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“, რომელზეც 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტორეპორტიორების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ფოტოისტორია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან სხვადასხვა პერიოდში დევნილი მოსახლეობის ტრაგედიასა და ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს და გამოყენებულია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების - ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, შა აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები.

„პრაიმტაიმი“ ლელი ბლაგონრავოვას დაუკავშირდა და მას 2008 წლის აგვისტოს ომისა და მასთან დაკავშირებული ამბების გახსენება სთხოვა. ცნობილია, რომ ომის თემაზე მას ღირსების ორდენიც გადასცეს.

როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, უხერხულია, ენ კამერით მივარდე და გადაიღო. იმ მომენტში ემოციური კავშირი არ არის

მაშინ 28 წლის ვიყავი. როდესაც ტელევიზიით მოვისმინე, რომ ცხინვალის რეგიონში სიტუაცია დაიძაბა, გადავწყვიტე, წავსულიყავი და ჩემი პროფესიული მოვალეობა შემესრულებინა. მაშინ არსად ვმუშაობდი. რისკზე წავედი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კონფლიქტური ზონა მქონდა გადაღებული, ომის თემაზე არასდროს მიმუშავია. ჩავედი თუ არა, პირველივე, რაც დავინახე, იყო ბომბების ყრა! მედიაცენტრთან, გარეთ ბიჭები იდგნენ, ფოტოგრაფები და ოპერატორები და ვიკითხე - რა ხდება-მეთქი? ავიხედეთ ცაში და პირდაპირ დავინახე ბომბები! აი, ეს ხდებაო, - მიპასუხეს.

ნელ-ნელა გასვლა დავიწყეთ სოფლების მიმართულებით. თუმცა, არავინ გვყავდა პატრონი, რომ ეთქვა, სად უნდა წავსულიყავით და რა გაგვეკეთებინა. არსებობს საზღვრები, სადაც იცი, რომ არ უნდა გადახვიდე. პირველი, საოცარი შთაბეჭდილება იყო დევნილთა წამოსვლის პროცესი. პატარა მანქანებში რომ ისხდნენ, ზოგს ველოსიპედი ჰქონდა, ზოგს ის ეჭირა, რაც ხელთ მოხვდა, ზოგი პატარა პარკით იყო წამოსული. ამ ხალხის გადაღება ძალიან რთული, უმძიმესი ემოცია იყო. ისევე, როგორც ჯარისკაცების შემთხვევაში. მივხვდი, რომ ემოციური ნაწილი ჩემზე ძალიან მოქმედებს, ასე ცივსისხლიანად ვერ ვიღებ. იმიტომ, რომ მესმის მათი, ძალიან უხერხულია, როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, შენ კამერით მივარდე და გადაიღო. მათგანაც უნდა მოდიოდეს ემოცია, მარტო ბრაზი კი არა - რატომ მიღებ. ხვდები, რომ იმ მომენტში ემოციური კავშირი არ არის. ზღვა ხალხი მოდიოდა, განადგურებულები...

„ამაზე ახლაც მეტირება!“

მახსოვს, ჩვენ წინ მანქანა წავიდა, რომელმაც ის არარსებული საზღვარი გადაკვეთა. იმ მანქანაში ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ისხდნენ. დაიღუპნენ, მხოლოდ იმის გამო, რომ როცა გააჩერეს, გადმოვიდნენ და ქართულად უთხრეს, გამარჯობაო. ეს იყო შოკი! იმ მომენტში, კიდევ ბევრ რამეს ვერ იაზრებ და მერე აცნობიერებ. იმ ღამეს სოფლები დაბომბეს და ლტოლვილები წამოვიდნენ. ჩვენ მედია სახლში დავბრუნდით. ღამე იატაკზე გვეძინა და ე.წ. „ლუსტრებს“ ველოდებოდით. მთელი ღამე ამის ლოდინში გავათენეთ და დაახლოებით 10 საათისკენ, ქალაქში ბომბი ჩამოვარდა. მეორე ბომბის ჩამოგდებისას, ხიდთან ვიყავი, მახსოვს, უცებ ჯარისკაცი როგორ გადამეფარა და დამიცვა. ამაზე ახლაც მეტირება, რომ ასეთ მნიშვნელოვან მდგომარეობაში, შენზე ვიღაც ზრუნავს. ადამიანური მომენტი იყო მისი მხრიდან. ბომბი რომ ჩამოვარდა და ადგა, მითხრა, ხიდზე გადადი და წადი, თორემ თუ ჩაინგრა, ვეღარ გადახვალო. დავუჯერე.

შემზარავი იყო ის სიჩუმე, რაც იმ მომენტში ქალაქში იდგა

როგორც იქნა მივაღწიე მედია ცენტრამდე და ბომბი კიდევ ჩამოვარდა! ამჯერად, საცხოვრებელ სახლს დაეცა. წავედით მე, გიორგი აბდალაძე და ზურა ქურციკიძე. გიორგის მანქანა ჰყავდა და სადამდეც შესაძლებელი იყო მივედით, მერე, ფეხით განვაგრძეთ გზა და ახლაც მწარედ მახსოვს, რა საშინელება იყო ის პროცესი, როცა ქალაქში შუშის ნამსხვრევებზე დადიხარ. ხმაურმა საცხოვრებელ სახლებზე შუშები დახეთქა და მხოლოდ ამ შუშების ხმა ისმოდა. წარმოუდგენლად საშინელი და კიდევ უფრო შემზარავი იყო ის სიჩუმე, რაც იმ მომენტში ქალაქში იდგა, სადაც სიცოცხლე თუხთუხებდა და სადაც ამდენი ხალხი ცხოვრობდა. დადიხარ და არაფრის ხმა არ ისმის, ყველა შეშინებული თვალებით გიყურებს, გემეტყველებიან, ნდობის მომენტი აქვთ, როცა ფოტოკამერით გხედავენ, როგორც ინფორმაციის წყაროს და როგორც მშველელს, ისე აღგიქვამენ... მაგრამ რით უნდა უშველო? ბევრი ფოტოგრაფის გადაღებული ვიდეოა, ყველაფერი ძალიან ემოციურია, მაგრამ როდესაც შენს ქვეყანაში, შენს ენაზე დახმარებას გთხოვენ და გეძახიან, ეს დამანგრეველი ყოფილა! არ ვიცი, სხვა ქვეყანაში რა ემოცია მექნებოდა, მაგრამ საქართველოში, ქართულად მოლაპარაკე ადამიანების ეს ხმა რომ გესმის, ხვდები, რომ ეს შენს სახლში მოხდა, ურთულესი გადასატანია ფსიქოლოგიურად!

width=600

ყოველთვის არის დილემა - კამერა დადო და ადამიანებს დაეხმარო, თუ გადაღება გააგრძელო

ქალბატონი შავი მაისურით - პირველი, ვინც შეგვხვდა, სწორედ ეს ქალბატონი იყო. ძალიან ემოციური კადრი იყო. მას ქალბატონი ეხმარებოდა უკნიდან, მაისურს აცმევდა, ტანსაცმელი შემოხული ჰქონდა და ფოტოზე ოთხი ხელი ჩანს, ეს დასისხლიანებული ქალი და უკნიდან ის ხელები... მერე, აქციები რომ დაიწყო, ამ ფოტოს ხშირად იყენებდნენ.

მეორე ცნობილი ფოტო მემაწვნე ქალბატონის იყო, რომელმაც ხალხი გააერთიანა, გამოაფხიზლა, რეალური საფრთხე დაგვანახა. წარმოიდგინეთ, ეს ქალი გვეძახდა, მაგრამ ხმა არ ჰქონდა! ხელი ჰქონდა გამოწეული და მიშველეთო, უხმოდ ამბობდა. ამ ქალის უკან, ფოტოში გარდაცვლილი მამაკაცი წევს. ყოველთვის, რაც იმ მომენტში მახსოვდა იყო ის, რომ შენ შეგიძლია შენი პროფესიით დაეხმარო. მე ექიმი არ ვარ და ფეხზე ადგომაში დახმარებისას, შეიძლებოდა მათთვის რამე დამეზიანებინა. ყოველთვის არის დილემა - კამერა დადო და ადამიანებს დაეხმარო, თუ გადაღება გააგრძელო. მაგრამ მერე, დავინახე, რომ სასწრაფოს მანქანები და სამხედროები მოვიდნენ და წამოვედით უკან, რადგან გავიგეთ, რომ ქალაქის შემოსასვლელის ჩაკეტვას აპირებდნენ და გავასწარით.

ის ემოცია არ მშორდება, უფრო ღრმავდება

მერე, თბილისში წამოვედით. თუმცა, ჩემთვის ომი იმ დღეს არ დამთავრებულა, აბსოლუტურ შოკურ მდგომარეობაში ვიყავი სამი დღე, კანკალით, ვერ ვდგებოდი, ვიწექი. სხვადასხვა სამინისტროდან მოდიოდნენ ჩემთან, ფოტოები მიჰქოდათ, მაგრამ აზრზე არ ვიყავი, ვის რას ვატანდი. ქალაქში რომ გამოვედი, ჩემი ფოტოები ბანერებზე ვნახე. ჩემთვის მთავარი იმ რეალობის გადმოცემა იყო და როცა ამას შეძლებ, ეს უკვე მიღწევაა. ამდენი წელი გადის და ის ემოცია არ მშორდება, პირიქით, რაც დრო გადის, უფრო ღრმავდება.

width=600

- რა შეგრძნებაა, როცა შენი გადაღებული ფოტო პოპულარობის პიკშია, ყველა აზიარებს, ემოციებს იწვევს და მოსწონთ, ბანერებზე ხედავ...

- ძალიან მაგარი ემოციაა! ადრე, თავმდაბალი ვიყავი და ახლა აღარ ვარ, ვაღიარებ, რომ ძალიან მიხარია ხოლმე, გადარეული ვარ, როცა ხალხს ჩემი გადაღებული ფოტო მოსწონს. ეს პროფესია 14 წლის ასაკში ავირჩიე, თუმცა, არ ვიცოდი, მომავალში რა დამხვდებოდა. ჩემი პროფესია, როცა ავირჩიე, ძალიან მამაკაცური იყო, მაშინ გოგო ფოტოგრაფები არ იყვნენ, მაგრამ გამიმართლა იმ მხრივ, რომ ისეთ გუნდში მოვხვდი, სადაც ეს არ იყო გადამწყვეტი, ზუსტად ისეთნაირად მაძლევდნენ დავალებებს, როგორც მამაკაცებს. თუმცა, მე თვითონ მქონდა შინაგანად ის მომენტი, რომ მეც მათსავით გადამეღო.

width=600

- მამაკაც ფოტოგრაფებს განსხვავებული ხედვა აქვთ?

- დამოკიდებულება, უფრო მეტად კონცერტრირებულები შეუძლიათ იყვნენ. გოგოების შემთხვევაში მგრძნობელობითი ნაწილი მოდის წინ. მაგალითად, ჩემზე მოქმედებს რასაც ვხედავ, რასაც ვიღებ, მერე იმ ადამიანებზე დამოკიდებული ვხდები. 1990-იანი წლების ბოლოს, დავალება მქონდა, რომ პანკისის ხეობაში უნდა ჩავსულიყავი და გადამეღო პირველი ლტოლვილები ჩეჩნეთიდან. ჩემი პირველი „ფეილიც“, ანუ წარუმატებელი გადაღება, ამას უკავშირდება. ძალიან განვიცადე, რომ იქიდან კარგი მასალა ვერ ჩამოვიტანე, მაგრამ მერე, მივხვდი, რომ შენს თავს ვერ გადააბიჯებ, გარკვეული პრინციპები გაქვს, რაღაც გსიამოვნებს, რაღაც - არა. ერთ ოჯახში გარდაცვლილი შვილი ჩამოასვენეს და საშინელი ტრაგედია ტრიალებდა, მე ეს ყველაფერი ფირზე უნდა ამესახა, მაგრამ ვერ შევედი იმ სახლში და ვერ გადავიღე, მომერიდა. თანაც ასეთ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილებაც არ მქონდა, გაბედული არ ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ პანკისის ხეობაში ჩასვლა უკვე დიდი გამბედაობაა, თანაც, იმ ასაკში. ამ წარუმატებელმა გადაღებამ ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მერე, სულ იქ ვიყავი და ჩვენს სამხედროებს უკვირდათ კიდეც, კიდევ აქ ხარო? მანქანა მყავდა, წითელი „ვრანგლერი“, კახეთში ჩავიდოდი და პანკისში გადავდიოდი. რაღაც განსაკუთრებული „დრაივი“ მქონდა. პანკისის ფოტოების სერია მაშინ დავასრულე, როდესაც მასალა ერთ-ერთი საერთაშორისო სააგენტოსთვის გადავიღე და დიდი ქება-დიდება დავიმსახურე. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემთვის საკმარისი, უმაღლესი ჯილდო და წარმატება.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა ის პირველი წარუმატებელი გადაღება, ასეთი მონდომებული იქნებოდით? სწორედ ამან მოგცათ მეტი სტიმული, ხომ?

- დიახ, გეთანხმებით. როცა რაღაც ვერ გამოგდის, ესეც მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა სცადო, მეტი შემართებით, ფარ-ხმალი კი არ უნდა დაყარო და გული აგიცრუვდეს, პირიქით, უნდა ჩაუჯდე და იფიქრო, რა და რატომ არ გამოგივიდა, საკუთარი თავიც უნდა შეისწავლო და დავალებაც გაითავისო, ოქროს შუალედი მოძებნო. დღეს ჩემს სტუდენტებს ვუყვები და ვასწავლი, რამდენნაირი ხერხი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მაშინ ჩემთვის არავის არაფერი უსწავლებია, არც ფოტოგრაფიის სკოლები იყო, რომ დამჯდარიყავი და რამე მოგესმინა, ყველაფერს „ჩვენს ტყავზე“ ვსწავლობდით, ჩვენზე უფროსი ფოტოგრაფების გამოცდილებით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს გამოცდილებაც არ აღმოჩნდებოდა საკმარისი, რადგან ყველა სიტუაცია სხვადასხვაგვარია და შენ თვითონ უნდა გქონდეს ალღო, თვისებები, რომ ფეხი აუწყო. ამაში კი ძალიან დამეხმარა ის, რომ 2002-2003 წლებში ჟურნალისტიკაზე მაგისტრატურაში  ჯიპაში ვსწავლობდი, ამერიკელი ტრენერები გვყავდა და კარგი გამოცდილება მივიღე. ამ დროს უკვე შემდგარი ფოტოგრაფი ვიყავი, ედუარდ შევარდნაძის გუნდში ვმუშაობდი და პრეზიდენტს ვიზიტებში დავყვებოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი, რომ კარგი ფოტო გადამეღო, სწავლა აუცილებელი იყო.

ჩემი საქმე თავიდანვე ძალიან მიყვარდა!

ყოველი შექება ჩემთვის გამოწვევა იყო, მეტი და მეტი უნდა მეკეთებინა, შემდეგი უფრო კარგი უნდა გამოსულიყო და ჩემს კარიერულ ცვლაში დიდი როლი ითამაშეს ადამიანებმა, მათმა ნდობამ ჩემ მიმართ, დამოკიდებულებამ. მაგალითად, შაჰვალად აივაზოვმა, რომელიც ომის ფოტოგრაფია, უმაგრესი, საოცარი გამოცდილება შემძინა. 90-იან წლებში კონკურსები ტარდებოდა, სადაც შაჰი ყოველ ჯერზე იგებდა, ერთ წელს, ჩემი ფოტოები მეც მივიტანე და არც კი განმიხილეს კონკურსანტად. რაც ძალიან მეწყინა. შაჰმა, პროტესტის ნიშნად, მთელი თავისი ფოტოები წამოიღო და კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა, ჩემ გამო, რომ მე მოტივაცია არ დამკარგვოდა. როცა ადამიანს ფოტოებს უკან უბრუნებთ, შეიძლება ისე ეტკინოს გული, რომ ფოტოკამერას ხელი საერთოდ აღარ მოკიდოსო, უთხრა. ხომ წარმოგიდგენიათ ეს ჩემთვის როგორი შოკი იყო? ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩემი საქმე თავიდანვე ძალიან მიყვარდა!

ერთხელ, ფელიქს კრიმსკიმ ჩემს ფოტოებს ხელი მოუსვა და სულ ძირს დამიყარა - ეტო, რაზვე, ფოტოგრაფიი, მითხრა და იგივე მხარდაჭერა ვიგრძენი ჩემი კოლეგებისგან, „საქინფორმში“. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივატორია, ამ ადამიანებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა და რომ არა ისინი, დღეს ალბათ სხვა რეალობაში ვიქნებოდი. მერე დავმეგობრდით და გიჟდებოდა ფელიქსა ჩემზე, ჩემს ფოტოებზეც. სამწუხაროდ, ის უკვე გარდაცვლილია.

იმაზე მეტი არ უნდა გარისკო, ვიდრე შეგიძლია. მკვდარი ფოტოგრაფი არავის სჭირდება

სულ ვცდილობ, უარყოფითშიც დადებითი მხარე დავინახო. ყველაფერს გულით ვაკეთებდი, რამაც ადამიანებში ემოციები გამოიწვია - გორის ომის ფოტოები იქნებოდა თუ 7 ნოემბრის. ეს ჩემი პერსონალური პროექტები იყო, არა - დავალება. სწორედ ამან განაპირობა შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა, საქმისადმი ჩემი დამოკიდებულება დაინახეს. გამბედაობის უნარი უნდა გქონდეს, ინტუიცია, როდესაც ფოტოგრაფად კონფლიქტურ ზონაში მიდიხარ. ეს ძალიან საინტერესოა. იმაზე მეტი არ უნდა გარისკო, ვიდრე შეგიძლია. ასეთი გამოთქმა არსებობს - მკვდარი ფოტოგრაფი არავის სჭირდებაო. ანუ, შენ იქ იმისთვის ხარ, რომ ფოტომასალა ჩამოიტანო, ისე კი არ უნდა გარისკო, რომ ვეღარავინ ნახოს. ჩემთვის ფოტოგრაფია უბრალოდ პროფესია კი არ არის, ცხოვრების ნაწილზე მეტია, მე ვარ, ერთად ვიზრდებით, ჩემი „ქმარია“ (იცინის).

სამომავლოდ, ახალი პროექტის იდეა მაქვს, სტუდია გავაკეთე, სადაც გადაცემების ციკლის კეთებას დავიწყებ ფოტოგრაფიაზე, ბევრი საინტერესო სტუმარი გვეყოლება, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ფოტოგრაფები და ამ ყველაფრის პოპულარიზაციას მოვახდენთ. მათ ტელევიზიით გამოჩენა არ უყვართ, მაგრამ ქვეყნის წინაშე უდიდესი სამუშაო აქვთ შესრულებული. ასევე გვექნება ინდივიდუალური პროექტები ქალთა თემებზე.

ავტორი: თამთა დადეშელი