ზუგდიდში კანალიზაციის წყალმა დევნილთა დასახლების ეზოს ნაწილი დატბორა

18:20 01-08-2020
16

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები თვეზე მეტია კანალიზაციის პრობლემას უჩივიან და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

დევნილები ამბობენ, რომ ეზოში ანტისანიტარია აწუხებთ და პრობლემა არ გვარდება. აფხაზეთიდან დევნილი ინეზა ფარულავა ამბობს, რომ მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა.

ბოლო წერილი, რომელსაც ლაღიძის ქუჩის 80 მცხოვრები აწერს ხელს მან თვითმმართველობას დაახლოებით 1 თვის წინ გადასცა. ინეზა ფარულავა განმარტავს, რომ ამოწმინდეს კიდეც კანალიზაციის ჭა, თუმცა, რამდენიმე დღეში ისევ იგივე პრობლემაა.

როგორც ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, შესაცვლელია დარღვევით გაკეთებული საკანალიზაციო სისტემა, რასაც წლებია თხოვნის მიუხედავად არავინ აკეთებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის დავით ფარცვანიას თქმით, მხოლოდ ერთი კორპუსია დარჩენილი, რომლის დაპროექტება ხელახლა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში მოგვარდება.მისივე თქმით, რაც შეეხება, კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც 4 წლის წინ ეს სამუშაოები შეასრულა, ფარცვანიას თქმით, ეს საკითხი გადაიხედება.

დევნილთა დასახლებაში პრობლემა ჩასახლების დღიდან არსებობს, დევნილების თქმით, 4 წელია საკანალიზაციო სისტემა აქ მოუწესრიგებელია.

ავტორი: თეა შონია