მიიღებს თუ არა თბილისის ზოოპარკი ავსტრალიიდან ხანძარს გადარჩენილ ცხოველებს

15:21 01-08-2020
783

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, თბილისის ზოოპარკი, თუ ამის საჭიროება იქნება, ავსტრალიას ცხოველების რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარება.

თუმცა, როგორც გურიელიძემ აღნიშნა, ისეთ განვითარებულ ქვეყანას, როგორიც ავსტრალიაა, შესაძლოა, ამ მხრივ დახმარება არც დასჭირდეს.

„ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ საჭირო იქნება შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ თუნდაც ცხოველების აღდგენაში. თუმცა, ისეთ განვითარებულ ქვეყანას, როგორიც ავსტრალიაა არა მგონია, ამ მხრივ გარედან დასჭირდეს დახმარება. შეუძლიათ ეს ყველაფერი შიდა რესურსების გამოყენებით გააკეთონ. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 480 მილიონი ცხოველი დაიღუპა. ეს მაჩვენებლები ფაქტებზე დამყარებული არაა. მონაცემები დაფუძნებულია მოდელირებაზე, რომელიც გამოყვანილია იმის მიხედვით, თუ რა მასშტაბის ტერიტორია დაიწვა და ამ ტერიტორიაზე რამდენი ცხოველი შეიძლება ცხოვრობდეს“,- განაცხადა გურიელიძემ.

კითხვაზე შეუძლია თუ არა თბილისის ზოოპარკს ავსტრალიიდან დაზიანებული ცხოველები შეიფაროს, გურიელიძე დადებითად გვპასუხობს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ავსტრალიის კანონების ცხოველთა ექსპორტის შესახებ ძალიან მკაცრია.

„როგორ არ შეგვიძლია, თუმცა აქ უკვე ამასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული სიტუაცია იქმნება. როგორც წესი, ავსტრალია ძალიან განვითარებულია ზოოპარკების მხრივ. მათ აქვთ უზარმაზარი ზოოპარკები. ტრანსპორტირება ავსტრალიიდან საქართველოში დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ავსტრალიას ცხოველების შეფარების მხრივ პრობლემები არ შეექმნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ავსტრალიის კანონების ცხოველთა ექსპორტის შესახებ ძალიან მკაცრია. პრაქტიკულად ავსტრალიიდან ცხოველის გამოყვანა შეუძლებელია, თუ რაიმე განსაკუთრებული მსოფლიო ღირებულება არ აქვს“,- აღნიშნა გურიელიძემ.

თუმცა, გურიელიძის თქმით, ამ ეტაპზე ცხოველების აღდგენისთვის აქტივობის დაწყებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ავსტრალიაში რეკორდულად ცხელი ზაფხულია.

„აქტიურობის დაწყებას ცხოველების აღდგენისათვის არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ მართალია ხანძარი თითქოს შენელდა, მაგრამ იქ ისევ რეკორდულად ცხელი ზაფხულია, ტემპერატურა წელს 1.5 % ჯერ მეტი იყო“,- აღნიშნა გურიელიძემ.

გურიელიძის თქმით, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც ავსტრალიაში ხანძრის შედეგები გაამძაფრა, ადამიანის მიერ ტყის მასივების განადგურებაა.

„ზოგადად, ტყის ხანძრები, მათ შორის ავსტრალიური ტყის ხანძრები, ბუნებრივი მოვლენაა, თუ ეკოსისტემა  ჯანსაღი და მთლიანია. ცხოველებს, რომლებიც შედარებით აქტიურები არიან და კარგად მოძრაობენ ან დაფრინავენ, კენგურუები ავსტრალიის შემთხვევაში, ასეთი ხანძრები ნაკლებად ეხებათ. მათ შეუძლიათ დატოვონ ტერიტორია, გადავიდნენ სხვაგან თუ მათ ეს გადასასვლელი აქვთ. ერთ-ერთი ძირითადი, რამაც ასე ძალიან გაამძაფრა ავსტრალიაში ხანძრის შედეგები, ეს ადამიანის მიერ ტყის მასივების განადგურება იყო. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე გავლენა ამ ყველაფერს ჰქონდა ისეთ ქარიზმატულ ცხოველებზე, როგორიცაა კოალა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. იქ ბევრი სხვა სახეობებიც არიან, რომლებიც იმდენად პოპულარულები და საყვარლები არ არიან როგორიც კოალა, თუმცა შეიძლება ისინი გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყვნენ“,- განაცხადა გურიელიძემ. 

ცნობისთვის, ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. „ბუნების მსოფლიო ფონდის“ ვარაუდით, სექტემბრიდან დღემდე ავსტრალიაში უკვე 8 მილიონ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა, რასაც 1,25 მილიარდი ცხოველის დაღუპვა მოჰყვა.

დასავლური მედიის ცნობით, მასშტაბური ხანძრის კვამლმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე