ვინ არის საშობაო სიმღერის ავტორი, რომელსაც ყოველ შობას მილიონ ნახევარი ნახვა აქვს

15:20 01-08-2020
5547

„ისე თავმდაბლად იცხოვრა, ბევრმა არ იცის, რომ საშობაო სიმღერა, რომელიც ძალიან უყვართ, თამაზ ჯობერნაძისაა. ხუთი წლიდან მოყოლებული ყველა კონკურსსა და შეჯიბრში იმარჯვებდა. მაგრამ ბავშვობიდან თავმდაბალი იყო“ - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე, რომელმაც ჯორბენაძის საშობაო პირველად 2003 წელს შეასრულა, მეორედ დღეს - „მთავარის“ დილის ეთერში. 

თეონა ჯორბენაძე: - ჩემთვის ყველაფერი ჯადოსნური მამას უკავშირდება. მაშინ პატარა ვიყავი და ჩემთვის საოცრება იყო, როგორ შეიძლება ადამიანი უკრავდეს და ამ დროს კლავიატურას არ უყურებდეს-მეთქი. ჩემთვის პირველი გამოწვევა, რომლის დაძლევით ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს იყო ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა. ვცდილობდი მესწავლა ჰარმონიები, რომელსაც ის არაჩვეულებრივად ფლობდა. მუსიკაში კანონია, შეიძლება ყველაფერი ისწავლო ტექნიკურად, იყო მაღალი რანგის პიანისტი, მაგრამ იმპროვიზაციის უნარი არ გაგაჩნდეს და ჰარმონიას ვერ გრძნობდე. ეს არ ისწავლება, შენთან ერთად უნდა დაიბადოს, ამას უნდა გრძნობდე. 

მამას „საშობაო“ 90-იანი წლების სიმღერაა, ჩვენი საოჯახო მელოდიაა, რომელიც სულ თან მქონდა. მამას სიცოცხლეში დავგეგმე, რომ ამ „საშობაოს“ თამრიკო ჭოხონელიძე შეასრულებდა. თამრიკო მამას ახლო მეგობრის, კუკური ჭოხონელიძის შვილია. იცით, რას ამბობდა? - თამრიკო არა მხოლოდ მომღერალია, ის არაჩვეულებრივი მუსიკოსია და ბევრი სხვა შესაძლებლობა აქვს მუსიკაშიო. ამ პროექტის მზადებაში ვიყავით, როდესაც მეგობრის პანაშვიდიდან მეგობრებთან (გოგი ჩლაიძესთან და ნუგზარ ბაგრატიონთან) ერთად გამოვიდა და კიბეზე ჩასვლისას დაუჩივლია - ცუდად ვარო. 55 წლის ასაკში წავიდა...

კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ გადამუშავდა ამ სიმღერის ტექსტი, რომელშიც მონაწილეობა პოეტმა რატი ამაღლობელმა და მიხეილ ანთაძემ მიიღეს. 

თეონა: - სასიმღერო ტექსტს და მითუმეტეს, საშობაოს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. მნიშვნელოვანია აზრიანი და უზადო იყოს თითოეული სიტყვა. და 2003 წელს მეგობრებთან - გია კიტიასთან, დათო აფციაურთან და დათო გოგილაშვილთან ერთად გადავიღე კლიპი. ეს საშობაო სიმღერა, რომელსაც თამრიკოსთან ერთად, მისი შვილი, მარიამ როინიშვილი, დისშვილი კატო ჯაფარიძე და  მსახიობი თენგიზ არჩვაძე ასრულებს, ყოველ წლიურად მილიონ ნახევარ ნახვას აგროვებს. ადამიანები შობას ერთმანეთს მესენჯერში ამ სიმღერის ლინკის ჩაგდებით ულოცავენ. ეს ჩემთვის ძალიან გულისმაჩუყებელია.

ტელეკომპანია „მთავარის“ დილის გადაცემა „შენი დილის“ რუბრიკაში „ერთი სიმღერის ამბავი“ თამრიკომ დღეს საჩუქარი გამიკეთა და ეს საშობაო შვილიშვილებთან და დებთან - ელენე და კატო ლეკვეიშვილებთან ერთად შეასრულა.  

მამა 19 წელია აღარ არის და მისი სიმღერები ცოცხალია. ამით ბედნიერი ვარ.“

 



ავტორი: თამარ გონგაძე