ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმის ამსახველი კადრები ვრცელდება 

10:09 01-08-2020
590

ირანული მედია ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიტანილი სარაკეტო დარტყმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

იერიშის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ობიექტი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში იყო, ქალაქ ერბილის სიახლოვეს და ავიაბაზა აინ ალ-ასადი, რომელიც ერაყის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ირანში განაცხადეს, რომ ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს.

ირანის სარაკეტო დარტყმების შემდეგ თეთრ სახლში საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელშიც აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ ამერიკის საელჩო. თავდასხმის ორგანიზებაში ბრალს აშშ ირანს უყენებს - ირანი ბრალდებას უარყოფს.

საელჩოს შტურმით აღების მცდელობას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ, განხორციელებული ავიადარტყმები შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.