აშშ-ერაყის ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობისა და ოქროს ფასმა მოიმატა

09:46 01-08-2020
212

ირანის მიერ ერაყში აშშ-ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობის ფასი 5 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

კერძოდ, ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) ერთი ბარელი Brent ტიპის ნავთობის ფასმა 5 პროცენტზე მეტით (3.48 დოლარით) მოიმატა და 71.75 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - ერთი ბარელი West Texas Intermediate (WTI)-ის ნავთობის ფასი 4.7% პროცენტით (2.95), 65.65 დოლარამდე გაიზარდა.

თავდასხმებმა გავლენა ოქროზეც იქონია. ერთი უნცია ოქროს ფასმა 1,600 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ ირანელი გენერალის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

ირანმა სარაკეტო დარტყმა ერაყში დისლოცირებულ ორ სამხედრო ობიექტზე მიიტანა, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან.