ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

08:57 01-08-2020
369

ირანში ჩამოვარდნილი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ის ყველა მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება.

ლაინერმა, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალე განიცადა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო.

წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური პრობლემა სახელდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

ირანის საგანგებო სამედიცინო სამსახურის უფროსმა, პირჰოსეინ კულივანდმა განაცხადა, რომ კატასტროფის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები გაგზავნეს, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო სამაშველო ჯგუფები უშუალოდ ავარიის ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებდა.

შეგახსენებთ, უკრაინული სამგზავრო ავიალაინერი თეირანის აეროპორტიდან კიევის მიმართულებით აფრინდა, თუმცა რამდენიმე წუთში ირანის ტერიტორიაზე კატასტროფა განიცადა.