ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროს წყალმომარაგება უახლოეს პერიოდში აღუდგება - წყალმომარაგების კომპანიის ახალი დირექტორი

15:15 01-07-2020
12

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, გუდაურში შედეგები მიღწეულია. ბაკურიანში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები რომ  იმ ადგილებში, სადაც წყლის მიწოდების პრობლემა იყო, უახლოეს პერიოდში წყალმომარაგება სრულად აღუდგეს.  

„კომპანია რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ამ დღეებში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. გუდაურში წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის 24 საათიანი მუშაობის შედეგად, გაზრდილია წყლის დებიტი და შედეგად, „რედკოს დასახლებაში“ წყალმომარაგება აღდგენილია. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ალტერნატიული ქსელის მოწყობა, რათა მსგავსი ტიპის გართულებები თავიდან ავიცილოთ“,- განაცხადა მანდარიამ.

მისივე თქმით, გუდაურსა და ბაკურიანში კრიზისი ამ ეტაპზე გადალახულია და ეს კრიზისი იმ მენეჯმენტის პირობებში მოგვარდა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა.

„დღეს, უბრალოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ წყალმომარაგების კომპანია. არსებული პრობლემა  გამოწვეულია მშრალი კლიმატური პირობებით, რამაც გავლენა იქონია დებიტის შემცირებაზე. აქედან გამომდინარე, შეიქმნა მოულოდნელი სიტუაცია და ვერანაირი კომპანია ან თუნდაც ხელმძღვანელი წინასწარ ვერ გათვლიდა ამ შედეგს. ჩვენ ვაპირებთ, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში დეველოპერებთან მუდმივ კომუნიკაციას, იმისთვის რომ დავეხმაროთ და ერთობლივად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები საკურორტო ზონებში“,- აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი.