რას ყვება დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი - „სასწრაფო თავადვე გამოიძახა და საავადმყოფოში წაიყვანა“

13:37 01-07-2020
1315

ორ იანვარს, ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობაში ბრალდებული სპეცრაზმელის, ზურაბ ფოფხაძის ადვოკატი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და ძმებ წურწუმიებს შორის კონფლიქტი ავტომობილის გატაცების მცდელობამ გამოიწვია. ადვოკატ მევლუდ ჯანღავას ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა  საკუთარ სახლში თავადვე წაიყვანა მურად წურწუმია, თუმცა მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გართულდა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა და წურწუმია საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ბრალდებული აღიარებს ფაქტს, რომ ნამდვილად მან სცემა. ბრალდებული მეგობართან ერთად იყო ახლობლის სასაფლაოზე, როდესაც გამოვიდა ნახა მის მანქანაში მყოფი პიროვნებები, რომლებიც ცდილობდნენ მანქანის წაყვანას. მან გადმოიყვანა ესენი მანქანიდან, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მათ დაახლობით 15 მეტრის გავლა მოახერხეს და ბოძსაც დაეჯახნენ. პიროვნება (ბრალდებული) იბრუნებდა ნივთს, რასაც მოჰყვა ცემა და სამწუხაროდ დადგა ეს შედეგი. მათ არ მიატოვეს ეს პიროვნება და ბრალდებულმა საკუთარ სახლში წაიყვანა. ის არ მიუტივებიათ. სახლში, ოჯახურ პირობებში უწევდნენ დახმარებას. და როდესაც მდგომარეობა გართულდა, თავადვე გამოიძახეს უკვე სასწრაფო და საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს იყო ორმხრივი ჩხუბი“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ სასამართლოში, სადაც სპეცრაზმელის მიმართ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.  ზურაბ ფოფხაძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას,  რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.