საშობაო ზავი - ითამაშეს თუ არა ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა ფეხბურთი ომის დროს

11:22 01-07-2020
157

ამ ისტორიის მოყოლა ათასჯერ შეიძლება და თითოეულ მოყოლაზე ახალი დეტალის დამატება. რეალურად, ეს ასეც მოხდა: ჭორის დონეზე ნაამბობი ისტორია ჩვეულებრივი ჯარისკაცების ოცნებად გადაიქცა. 

ფეხბურთი საშობაო დაზავების დროს - ისტორია, რომელიც 1914 წელს მსოფლიომ დაიჯერა და სჯერათ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები და მკვლევარები ამ ამბავს სკეპტიკურად უყურებენ.

1914 წელის შობის წინა ღამე. ბინძურ სანგრებში მყოფი ბრიტანელები თამაშობენ ბანქოს, ეწევიან თამბაქოს და ხსნიან ოჯახებისგან გამოგზავნილ საჩუქრებს. ომი, რომელიც 2-3 თვე უნდა გაგრძელებულიყო, უკვე ნახევარი წელია მიმდინარეობს. დასავლეთის ფრონტი 1914 წლის დეკემბრისთვის ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე გადაიშალა, რომელშიც იდგნენ მოკავშირეები და გერმანელები. მოძრაობა შეუძლებელი იყო ყველა მხრიდან. ის ვინც „ჩაიკეტა“ არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდა და მშვიდობას ელოდებოდა.

სადღაც ქალაქ იპრთან ახლოს (თანამედროვე ბელგიის ტერიტორია), დაჭაობებულ ადგილას მოხდა მოვლენა, რომელიც მშვიდობის სურვილის განსახიერება იყო. როდესაც გერმანელების მხრიდან ბრიტანელებმა გაიგონეს გალობა Stille Nacht, სანგრებიდან ჩუმად გადმოშალეს თეთრი დროშები. ეჭვის თვალით, მაგრამ მაინც დიდი ინტერესით, გერმანელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ერთმანეთს მიუახლოვდნენ და ერთ-ერთმა ბრიტანელმა გერმანელს ხელი ჩამოართვა.

დღეს შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომიც შეუჩერებლივ მიმდინარეობდა, თუმცა რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ პერიოდულად იდებოდა ზავები, რომლის დროსაც ერთი მხარე ბრუნდებოდა საომარ ტერიტორიაზე, რათა შეეგროვებინათ ცხედრები, თუმცა ეს ხშირად არ ხდებოდა. 

რაც შეეხება შობის ღამეს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეკრებილი მტრები საუბრობდნენ, ცვლიდნენ საჩუქრებს და ჰყვებოდნენ სხვადსხვა ისტორიებს. უცებ რომელიღაც ჯარისკაცს ბურთი აღმოაჩნდა და გადაწყდა, რომ ფეხბურთი ეთამაშათ. ორი ტაიმის შემდეგ, ომისგან განსხვავებით, გამარჯვებულები გერმანელები გამოვიდნენ ანგარიშით 3:2. 

სპონტანური საფეხბურთო მატჩი სიკვდილისა და ომის შეწყვეტის სიმბოლოდ იქცა. მას დღეს აჩვენებენ ფილმებში, რეკლამებში, მუსიკალურ კომპოზიციებში და მატჩზე მსოფლიო ლიდერებიც საუბრობენ.

საქმე ისაა, რომ საშობაო მატჩზე ჩვენ მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის გამოგზავნილი წერილებიდან ან არაპირდაპირი წყაროებიდან ვიცით. მაგალითად, ჩანაწერი გაზეთიდან Manchester Guardian, რომლისგანაც ეს სასწაული დიდ მასშტაბებში გადაიზარდა: ერთ-ერთი ოფიცერი ბავარიელს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდა. მათ დაიწყეს მოწევა. შემდეგ სანგრიდან კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი გამოვიდა. ისინი იდგნენ და ლაპარაკობდნენ და შემდეგ ცოტათი კონსერვის ქილით გაითამაშეს“. 

ფოტოს, რომელსაც ხშირად ასაღებენ, როგორც გერმანელებსა და მოკავშირეებს შორის მატჩის დასტურად, სინამდვილეში ბრიტანეთის იმპერიის მუზეუმშია გამოფენილი და მასზე აღბეჭდილნი არიან 26-ე დივიზიონის ჯარისკაცები, რომლებიც 1915 წელს, შობის დროს ფეხბურთს ერთმანეთში თამაშობენ.

დროსთან ერთად კონსერვის ქილა ბურთად ტრანსფორმირდა, ხოლო რამდენიმე ადამიანი ორ გუნდად. გარდა ამისა, ჯარისკაცების მიერ მოყოლილი მატჩზე წერილებში ძირითადად ბრიტანელები წერენ. გერმანულ წყაროებში ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის. 

ისტორიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ კლასიკური მატჩის ჩატარება რეალობისგან შორსაა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე შესაძლებელი იყო დროებითი გართობა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე