საშობაო ალილოსთან დაკავშირებით თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

08:11 01-07-2020
40

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, 14:00 საათიდან რამდენიმე საათით შეიზღუდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა ალილო, რის გამოც თბილისში 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.