ლოცვა, რომელიც შობის ღამეს ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

22:55 01-06-2020
4914

რა ლოცვა უნდა წაიკითხოს შობის ღამეს ყველა ქრისტიანმა…

შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა!”

დაუჯდომელი საგალობელი უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობისა:

ტროპარი

შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი. მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი 1

ყოველთა ტომთაგან გამორჩეულსა, წმიდათა ანგელოზთა უწმინდესსა ქალწულსა, და მისგან ხორცშესხმულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა; სამადლობელსა შემოგწირავთ მონანი შენნი, მეუფეო. შენ, რომელსაცა გაქუს მოწყალებაი აღურაცხელი, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლენ ჩუენ, მხმობელნი შენდა: იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

იკოსი 1

გუნდნი ანგელოზთანი შეკრბეს ბეთლემს, ხილვად გონებამიუწვდომელისა შობისა შენისა და იხილვეს რა შემოქმედი თვისი ბაგასა შინა მწოლარეი, განჰკვირდეს! და კრძალვითა მღაღადებელთა, ღირსად თაყვანისცეს შობილსა და მშობელსა, გალობითა ესრეთ: ძეო ღვთისაო, მამისაგან შობილო უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, დიდება შენდა.დიდება შენდა, მამისა და სულისა წმიდისა თანა ყოვლისა შემომქმედო;

დიდება შენდა, მაცხოვნებელო წარწყმედულთაო;
დიდება შენდა, მომძიებელო შეცდომილთაო;
დიდება შენდა, აღდგომაო მკვდართაო;
დიდება შენდა, წარმომაცარიელებელო მტრისა გესლისაო;
დიდება შენდა, კვლავადცა გამხმელო ურჩობითა დაბეჭდულისა სამოთხისაო;
დიდება შენდა, აღმატებით შემყვარებელო კაცთა ნათესავისაო;
დიდება შენდა, სოფლად განმაცხადებელო ზეციურისა ბაგისაო;
დიდება შენდა, ქალწულისა, მშობელისა შენისათვის, გამზადებელო ქერუბიმთა ტახტისაო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

ლ ო ც ვ ა

ჰოი, უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, გვესმა ჩუენ ბეთლემით ზეცისა ანგელოზთაგან დღეს ქვეყანასა ზედა მშვიდობაი და შობილმა ქალწულისაგან განანათლენ მსხდომარენი ბნელსა შინა და აღამაღლენ მდაბალნი და ვითარცა ძეი დაუსაბამოი მარადის მჯდომარე ხარ მამისა თანა, ხოლო რაჟამს იშევ ბეთლემს შინა, ქრისტე ღმერთო და ბაგასა მიიწვინე, მაშინ მწყემსთა და მოგვთა თაყვანი გცეს და წინასწარმეტყუელთა თქმულნი სრულ იქმნეს, ხოლო ანგელოზთა ძალი განკვირდეს და ღაღადებდეს საღმთოისა გალობასა ხმითა სასმენელითა და ხმობდეს დიდებასა შენსა და აქებდეს სიმდაბლესა შენსა.

და ჩუენცა შემუსვრილებითა გულისაითა და მტკიცითა სარწმუნოებითა ხელაპყრობით გიღაღადებთ და გევედრებით შენ, უფალო, რაითა დღესა ამას, საკვირველისა შობისა შენისა, მოიხსენო ღვთივდაცული ერი ჩვენი, წილხვდომილი ყოვლადწმიდისა დედისა შენისა, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ყოვლადსამღვდელონი მღვდელმთავარნი, მღვდელნი და ერისაგანნი ყოველნი, რომელნი ნატრიან დღესასწაულსა შენსა და ადიდებენ სამებასა წმიდასა – ყოველთა განმანათლებელსა.

აწ, განანათლენ გულიცა ჩუენი ნათლითა დაუბადებელითა და ჰყვენ იგინი, ვითარცა ბეთლემი ზეციური სამკვიდრებელად შენდა, რაითა შობითა შენითა მათ შინა, ვითარცა ცეცხლითა უნივთოითა დაიწვას შეცოდებანი ყოველნი და ჩუენცა, ვითარცა მოგვნი ღვთივმავალსა ვარსკვლავსა შედგომილნი და მისითა სასოებითა განბრწყინებულნი და ცხოვნებულნი, ანგელოზთა თანა გიგალობდეთ შენ, ხმითა სიხარულისაითა; დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.