თქვენც გილოცავთ, ვინც სტვენით ცდილობთ, რომ აქაური სიმშვიდე დაარღვიოთ - პრეზიდენტის მილოცვა ხმაურის ფონზე (ვიდეო)

22:17 01-06-2020
440

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გორიდან სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი მიულოცა. მისი გამოსვლის ფონზე საპროტესტო შეძახილებიც ისმოდა, რაც მან არ უგულებელყო.

„ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გისურვოთ ყველას ძალიან ბედნიერი ახალი წელი.

პირველ რიგში მინდა მივულოცო ეს დღე და ახალი წელი ყველა იმ ბავშვს, ვინც აქ არის და ვუსურვო ჩვენი ქვეყანა იყოს დაწყნარებული, გაერთიანებული, გამთლიანებული. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვზრდით ბავშვებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი იქნება მათი საქართველო, თუ ჩვენ ვიქნებით ჩვენს ადგილას და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. 

დღეს ეს მემგონი, გზავნილია უფრო მნიშვნელოვანი, როცა აქ ვართ, გორში ახლოს იმ ადგილთან, იმ სოფლებთან, რომელიც არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში და ელოდებიან ქვეყნის გამთლიანებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, თქვენც გილოცავთ, ვინც ახლა სტვენით ცდილობთ, რომ აქაური სიმშვიდე დაარღვიოთ. მე მინდა მხოლოდ სიყვარულის დღე იყოს დღეს ყველასთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სცენაზე გამოვიდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გორში სალომე ზურაბიშვილი ნაძვის ხის ზეიმზე ჩავიდა და სრულიად საქართველოს გორიდან  შობა მიულოცა.

დღესვე კონცერტი გაიმართა, რომელშიც გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი მონაწილეობდნენ.