რა მოხდა ვარკეთილის სასაფლაოზე - დაკავებულია სპეცრაზმელი

21:45 01-06-2020
5521

ორ იანვარს ვარკეთილის სასაფლაოზე მკვლელობა მოხდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მოკლულია 24 წლის ახალგაზრდა მურად წურწუმია. 

„პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია სპეცრაზმელი. 

ირკვევა, რომ შემთხვევის დროს სასაფლაოზე იმყოფებოდა გარდაცვლილის ძმა მუხრან წურწუმიაც, რომელმაც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, თავს გაქცევით უშველა.

ძმებ წურწუმიებსა და სპეცრაზმის თანამშრომელს შორის ფიზიკური დაპირისპირება სწორედ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

„ორნი იყვნენ, არც მახსოვს რაზე დაიწყო ჩხუბი. მერე ჩემი ძმა სავარაუდოდ წაიყვანეს“, - ამბობს მუხრან წურწუმია.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც გამოძიებამ უკვე დაკითხა.

ერთ-ერთი ვერსიით, თავად სპეცრაზმელი დანაშაულს აღიარებს და მომხდარის დეტალებს აღწერს. კერძოდ, საუბარია მისი ავტომობილის გატაცების მცდელობაზე, რაშიც ის სწორედ ძმებ წურწუმიებს ადანაშაულბს, ვინაიდან ჩვენების მიხედვით, მან გატაცების ფაქტს ადგილზე მიუსწრო, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

დაპირისპირების დროს მურად წურწუმიამ მძიმე დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც,  ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 

მოწმეთა ჩვენებით, წურწუმია სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფომ გადაიყვანა, რომელიც დაპირისპირების შემდეგ თავად სპეცრაზმელმა გამოიძახა.