რამე ფორმით ვტოვებ მთვრალის, ან ავადმყოფის შთაბეჭდილებას? - გვარამიას საქმის მოსამართლე

19:45 01-06-2020
256

რამე ფორმით ვტოვებ მთვრალის, ან ავადმყოფის შთაბეჭდილებას? - ამ კითხვით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ გვარამიას ადვოკატებს მიმართა.

არევაძემ განაცხადა, რომ გვარამიას ბრალდებებზე განმარტებას არ გააკეთებს და იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო „მთავარი არხის“ დირექტორს, სხდომათა დარბაზში დაბრუნების უფლებას მისცემს, გვარამიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიყურები. რამე ფორმით ვტოვებ მთვრალის, ავადმყოფის შთაბეჭდილებას? მართლა მაინტერესებს. მე ვამაყობ ჩემი ოჯახით, წარმომავლობით, უზრდელობას არ ავყვები, არც ჩემი პროფესიული ეთიკა მაძლევს უფლებას ასე ვისაუბრო და არც მორალი. თუ სააპელაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ამაზე საუბარი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება. მან იცოდეს, რომ თუ ის დაბრუნდება, მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება მარტივად გატარდეს. ნათქვამზე პასუხისმგებლობის აღება ყველას უნდა შეეძლოს და რაც შეეხება თრობას, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევდა საშუალებას, რომ ალკოჰოლი მიმეღო“ - განაცხადა გიორგი არევაძემ.

არევაძის სიტყვებზე, ნიკა გვარამიას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია რომ ჰქონოდათ, მისი აცილების შუამდგომლობას დააყენებდნენ.

რამდენიმე დღის წინ, ნიკა გვარამიამ საკუთარი საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე სასამართლო პროცესზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადებაში დაადანაშაულა და მისი სიფხიზლეზე შემოწმება მოითხოვა.