ბაკურიანში წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

19:01 01-06-2020
38

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ზამთრის კურორტებზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

მათივე ცნობით, ტექნიკური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ გუდაურსა და ბაკურიანში წყლის მიწოდებაში არსებული ხარვეზების მოსაგვარებლად.

კომპანიის ინფორმაციით, ორივე მთიან კურორტზე, სასტუმროებისა და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წყალი სტაბილურად მიეწოდება, ხოლო იქ სადაც წნევა დაბალია, პრობლემის მოგვარებას უახლოეს საათებში ვარაუდობენ.  

„რეალურად, ამ წუთას, ჩემთან მდგომარეობა გაუმჯობესებულია და გვპირდებიან რომ ხვალ-ზეგ ეს პრობლემებიც გადაიჭრება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი მეუბნება, რომ მიწოდების ხარისხი ჩემი შიდა პრობლემაა, რომელსაც ასევე გადამიჭრიან რაღაც პერიოდის განმავლობაში. ვიცი, რომ სხვა კომპანიებშიც მოგვარებულია უკვე ეს პრობლემა,“ - ამბობს სასტუმრო „მგზავრების“ დირექტორი, ნათია ტრაპაიძე.

ბაკურიანში კიდევ ერთი სასტუმროს, „კრისტალის“ მფლობელი ვლადიმერ სტეპანიანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზე წყალი სტაბილურად მიეწოდება. 

„წელს ძალიან ბევრი დამსვენებელი გვყავს და ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ სრულყოფილად გავუმასპინძლდეთ. ადრე, ცოტა გზასთან იყო პრობლემა საცობებთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა შემოვლითი გზა გაკეთდა და ძირითადად, ეგეც განიტვირთა, წყალი და დენი კი უწყვეტად გვაქვს. ზამთრის კურორტი ცოტა სპეციფიკურია და როცა ასეთ ბიზნესში ხარ, მომზადებაა საჭირო,“ - ამბობს სტეპანიანი. 

შეგახსენებთ, წყლის პრობლების გამო ტურისტებმა ზამთრის კურორტები დატოვეს.