სალომე ზურაბიშვილს გორში აქციით დახვდნენ

17:47 01-06-2020
265

გორში, პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმის პარალელურად ოპოზიცია აქციას მართავს.

ადგილზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს პროტესტის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.  

„გაურკვეველ მიზეზს ასახელებენ, რატომ არ გვიშვებენ ადმინისტრაციულ შენობასთან. სალომე ზურაბიშვილი უსირცხვილოდ ადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, როდესაც ზუსტად ამ მიწაზე უამრავი ადამიანი დაიღუპა სამშობლოსთვის ბრძოლაში.

რატომ ადანაშაულებს ომის დაწყებაში და რატომ შეიწყალა პოლიციის მკვლელები და არა დეკანოზი გიორგი მამალაძე - ეს არის შეკითხვები, რომელიც გვაქვს საქართველოს პრეზიდენტთან“, - აცხადებენ აქციის მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაო შეწყალების პირველი აქტი გამოსცა.

შეწყალებულთა სიაში კვლავ არ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც სასჯელს ე.წ ციანიდის საქმეზე იხდის.

საშობაოდ პრეზიდენტმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა, ისინი შობის დღესასწაულს თავიანთ სახლებში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, სინოდის წევრებმა პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობით მიმართეს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

 

ფოტო: რადიო თავისუფლება