დაე მოხდეს ის, რისიც აქამდე ასე ეშინოდა პატრიარქს - თორნიკე მამალაძე კომპრომატების გასაჯაროებას აანონსებს

16:38 01-06-2020
1303

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ის ყველა იმ წერილს გაასაჯაროებს, რომელსაც აქამდე მალავდა. 

„რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის.  მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პირად საუბრებში სალომე ზურაბიშვილს უარი უთხრა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება და შუამდგომლობის გაგზავნა იყო ფარსი კათოლიკოს-პატრიარქისგან, რადგანაც თავად პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა, თავს ლაფი დაასხა. მან მოატყუა მთელი საზოგადოება. მათ დადგეს სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კათოლიკოს- პატრიარქმა, პრეზიდენტმა. ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, რადგანაც კარგი მსახიობები არიან“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, დღეს პატრიარქს მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ეშინია.

„ჩემი ძმა რომ რჩება საპატიმროში, არის არა სინოდის რომელიმე წევრის, არამედ თავად კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გადაწყვეტილება. პატრიარქი არის შეშინებული. მას ეშინია ჩემი ძმის, რადგანაც მას აქვს დანაშაულები პირადად ჩემი ძმის მიმართ. მან იცოდა, რომ ჩემი ძმა აპირებდა წმინდა სინოდზე, თუ ღია ეთერებში ამ თემებზე საუბარს, ამიტომაც პატრიარქი დღეს შეშინებულია და დატოვა პარალიზებული ადამიანი საპყრობილეში. გავაგრძელებთ სამართლებრივად ბრძოლას. ეს არ იქნება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არამედ პიროვნებების წინააღმდეგ, რომლებიც ეკლესიის სათავეში არიან. კათოლიკოს-პატრიარქი მტერია სიმართლის. ჩუმად ყოფნას აღარ ვაპირებთ. კათოლიკოს-პატრიარქი დაუპირისპირდა ჩემს ოჯახს. მან გვითხრა, რომ ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი ვეღარ გამოვა. მექნება შეხვედრა ჩემს ძმასთან, თუ რა წერილების გასაჯაროებას ვაპირებთ. ყველაფერს მოვფენ ნათელს. დაე, მოხდეს ის, რისიც ეშინოდათ კათოლიკოს-პატრიარქს და სინოდის წევრებს. მოვფენთ ნათელს, თუ ვინ არის კათოლიკოს-პატრიარქი, რა სამართლებრივი და სულიერი ცოდვები აქვს ჩადენილი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არც ამჯერად შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე.