სამარცხვინოა მისი გადაწყვეტილება - გიგი უგულავა გიორგი მამალაძის არშეწყალებაზე

12:42 01-06-2020
105

სამარცხვინოა მისი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ შეეწყალებინა გიორგი მამალაძე.

„მოლოდინი იმის, რომ სალომე ზურაბიშვილი გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა, ფუჭი იყო. სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს პოლიციელების მკვლელებს, ბარიგებს და ყველა უბედურს, მაგრამ იქ, სადაც საზოგადოებრივი მოლოდინია, ამას არ იზამდა. იმიტომ, რომ ის არ არის პრეზიდენტი რომელიც იწყალებს, ის არის ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი.

სამარცხვინოა მისი გადაწყვეტილება, სამარცხვინოა მთლიანად რაც ხდება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. როდესაც საპატრიარქოს რაღაცა უნდა, გვინახავს მათი დაჟინებული თხოვნაც. და ის პოზიცია, რა პოზიციაც საპატრიარქომ დაიჭირა, არის ის რომ ხელები დაიბანა როგორც პილატემ.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით რომ სალომე ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებდა. და ამით მან კიდევ ერთხელ გააფორმა ის მეგა ტყუილი თითქოს მეორე ტურის შემდეგ ჩვენ პრეზიდენტი ავირჩიეთ. ის არის მარიონეტი და ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაო შეწყალების პირველი აქტი გამოსცა.

შეწყალებულთა სიაში კვლავ არ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც სასჯელს ე.წ ციანიდის საქმეზე იხდის.

საშობაოდ პრეზიდენტმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა, ისინი შობის დღესასწაულს თავიანთ სახლებში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, სინოდის წევრებმა პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობით მიმართეს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.