როგორ მოხვდა ქაღალდის ხელსახოცი მაწონში

20:22 01-03-2020
6059

ეს არც საპირველაპრილო ხუმრობაა და არც საახალწლო სიურპრიზი. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ბევრი ადამიანისთვის საყვარელ პროდუქტში, მაწონში მომხმარებელმა ხელსახოცი აღმოაჩინა.  

„მადლობა „სოფლის ნობათს“... აი რას ვჭამთ სინამდვილეში, ბოლოში სალფეთქი რომ ამოგყვება... (ეტყობა პირის მოსაწმენდად) - ასე დაასათაურა ფოტო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ეკა ადამიამ, რომელმაც დახმარებისთვის ანტიკორუფციული კავშირის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს“ მიმართა.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები გახშირდა.

„მომხმარებელმა ეს ფოტო დღეს, დილის საათებში მოგვაწოდა. როგორც ქალბატონმა გვითხრა, მისი ოჯახი ამ კომპანიის მიერ წარმოებული სხვა პროდუქტების აქტიური მომხმარებელია. ირონიულად ისიც თქვა, ალბათ ხელსახოცი, ქილის ბოლოში იმიტომ იდო, ჭამის დასრულების შემდეგ, რომ პირი მოგვეწმინდაო.  ფაქტია, რომ სანიტარული მხარე  ასეთ დიდ წარმოებებში არ არის კარგად დაცული. ასეთი შემთხვევები ხშირია სხვა კომპანიებშიც. მაგალითად „ქობულეთურის“ არაჟანში მომხმარებელმა სანთებელა, ტარაკანა და თმა აღმოაჩინა. მაშინ აღნიშნულ კომპანიას ფაქტებზე კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს „სოფლის ნობათში“ აღმოაჩინა მომხმარებელმა რაღაც ნივთი. არ არის გამორიცხული ხვალ სხვა კომპანიის ნაწარმში აღმოვაჩინოთ რაიმე. რაც შეეხება ბოლო ფაქტს, ჯერ - ჯერობით „სოფლის ნობათს“ არ შევხმიანებივართ, თუმცა აუცილებლად მივმართავთ. იმდენად მასშტაბურია ასეთი სახის შემთხვევები, რომ აუცილებელია მონიტორინგის გამკაცრება. მივმართავ მოხმარებელს, მსგავს შემთხვევებში აუცილებლად მოგვმართონ ჩვენ, რათა მათი უფლებები დავიცვათ. “ - აცხადებს „ანტიკორუფციული კავშირის“ დირექტორი გია ბურჯანაძე.

„სოფლის ნობათში“ კი აცხადებენ, რომ მათ პროდუქტში ხელსახოცი ან რაიმე სახის ელემენტი ვერანაირად ვერ მოხვდებოდა, რადგან პროდუქცია ქარხნიდან გასვლამდე რენტგენში ტარდება და ასეთ ფაქტს აუცილებლად დააფიქსირებდნენ.

„ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილება, კომპანიის მთავარი ამოცანაა. ეს ფაქტი, რომელზეც მესაუბრებით, ჩვენთვის ცნობილი არ იყო, რადგან არც მომხმარებელს და არც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციას არ მოუმართავს. რაც შეეხება ფაქტს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ პროდუქტში ვერ მოხვდებოდა ვერანაირი ხელსახოცი ან სხვა რაიმე სახის ელემენტი, რადგან თითოეული პროდუქტი ტარდება რენტგენის აპარატში და ის აფიქსირებს უმცირეს დეტალებსაც კი. რძის პროდუქციის წარმოება, ეს არის დახურული პროცესი და ადამიანის ყველაზე ნაკლები ჩარევით ხდება, რადგან რძის ნაწარმი ძალიან ფაქიზი პროდუქციაა. ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ ამ საკითხს.“ - ამბობს „სოფლის ნობათის“ მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით იაშვილი.

„პრაიმტაიმი“ აუცილებლად მიადევნებს თვალყურს, თუ როგორ დასრულდება დავა მოხმარებელსა და მწარმოებელ კომპანიას შორის.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი