რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა - ფოტორეპორტაჟი ბაზრიდან

16:50 12-18-2019
368

წინასაახალწლოდ, დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ხარჯიც იმატებს და საზრუნავიც, საჭირო პროდუქტის შესაძენად ბაზარსა და მარკეტებში სიარული ამ სამზადისის განუყოფელი ნაწილია და ბუნებრივია, ყველა ჩვენგანს აინტერესებს, თუ რა თანხა დასჭირდება იმ ძირითადი პროდუქტის შესაძენად, რაც ახალი წლის სუფრაზე აუცილებელი, ან უბრალოდ, სასურველია, ქართველები ხომ ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით ამ დღისთვის, რათა ყველაფერი საუკეთესო და გამორჩეული იყოს.

 ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა ღირს ეს ყველაფერი და ვესტუმრეთ ე.წ. დეზერტირების, ახმეტელის ბაზრებსა და დიდ სუპერმარკეტებს. როგორც ბაზრების ლაბორანტებმა გვითხრეს, ინდაური ბაზარზე გასაყიდად ჯერჯერობით არ გამოუტანიათ და მისი შეძენის შესაძლებლობა 20-25 დეკემბრიდან გვექნება, ისევე, როგორც გოჭის, რომელსაც ამ ეტპაზე სულ 2-3 დახლზე ნახავთ. რაც შეეხება საფასურს, გამყიდველები ვარაუდობენ, რომ წელს გოჭის ფასი 70-100 ლარიდან დაიწყება, ეს დამოკიდებულია გოჭის სიდიდეზე, ცხადია, ასევეა ინდაურის შემთხვევაშიც და იმისათვის, რომ საცივისთვის განკუთვნილი ეს შინაური ფრინველი თქვენს ქვაბში აღმოჩნდეს, 100-120 ლარის გადადება მოგიწევთ.

 

საცივისა და გოზინაყისთვის აუცილებელი - ნიგვზის ფასი ბაზარსა და მარკეტებში 22-25 ლარის ფარგლებში მერყეობს, საუკეთესო ხარისხის, თეთრი. თუმცა, არის 18 ლარიანიც და 10 ლარიანიც კი, რა თქმა უნდა, გაცილებით დაბალ ხარისხიანი, მუქი ფერის. კიდევ უფრო იაფად შეიძენთ კაკალს, რომლის შიგთავსის ამოკრება თავად მოგიწევთ.

 სოფლის ქათმის ფასი ახმეტელისა და ე.წ. დეზერტირების ბაზარში 1კგ. 7 ლარია. აქვე, ღორის ხორცი 12-14 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, საქონლის ხორცი კი კატეგორიების მიხედვით - 12-16-18 ლარი, საქონლის რბილი ხორცი დიდ მარკეტში 23 ლარია, იქვე, ღორის სამწვადესა და „ძვლიანს“ 15 ლარად შეიძენთ.

 თევზის სხვადასხვა სახეობიდან ბაზარში ყველაზე დიდი რაოდენობითაა ე.წ. სქელშუბლა - 5-7 ლარი, ხეკი - 7,5 ლარი, კობრი და საზანი - 12 ლარი, რომელიც შეგიძლიათ შეწვათ ან მოხარშოთ.

რაც შეეხება ყველს, იმერული ყველის ფასი ე.წ. დეზერტირების ბაზარში 10 ლარია (ახმეტელზე - 12 ლარი), სულგუნი - 13 ლარი (ახმეტელზე - 16 ლარი), შებოლილი სულგუნი კი - 15 ლარი (ახმეტელზე - 18 ლარი), ე.წ. ქარხნული - 15 ლარი.

სოკო 7-10 ლარი ღირს.

 

საახალწლო სუფრის განუყოფელი სალათის - „ვინიგრეტისთვის“ საჭირო ინგრედიენტების ფასი, როგორც წესი, გაცილებით დაბალია. მაგალითად, მაიონეზი 1 ლარიდან 7-10 ლარამდე, მასის მიხედვით; კვერცხი - 25-35 თეთრი; ბარდა 3-5 ლარი-დან; კიტრის მწნილის მარინადი - 3-9 ლარის ფარგლებში, კარტოფილი - 1-1,5 ლარი.

წითელი ხიზილალის ფასი 30-40 ლარიდან იწყება და ცხადია, რაც უფრო მეტია საფასური, უკეთესია ხარისხიც და წონაც მეტია.

ჩურჩხელას 2-დან 3,5 ლარად დააგემოვნებთ. თაფლის საფასური კი 15-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის ფასებს თუ დავიანგარიშებთ, გამოდის, რომ ახალი წლისთვის, კარგი სუფრის გასაშლელად, საშუალოდ, 350 ლარი დაგვჭირდება: გოჭი - 80 ლარი, ინდაური - 100 ლარი, ღორის ხორცი 12 ლარი, საქონლის ხორცი - 12 ლარი, თევზი - 12 ლარი, სოკო - 10 ლარი, ყველი -  14 ლარი, ხიზილალა - 40 ლარი, ნიგოზი - 25 ლარი, თაფლი 20 ლარი, ვინიგრეტი - 15 ლარი, კანფეტები 1კგ. 5ლარიდან.

ნაყოფიერ და ხალისიან წინასაახალწლო „შოპინგს“ და კარგ შემოსავალს გისურვებთ.

ავტორი: თამთა დადეშელი

 width=600