დავრწმუნდი, რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს მოსახლეობის ნაწილს - ერეკლე კუხიანიძე საზოგადოებას პასუხობს

13:49 12-15-2019
771

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს“,- თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში პასუხობს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

„მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს რაც წამოვიდა ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს.

სამწუხაროდ ადამიანთა ნაწილი მხოლოდ რეფლექსების დონეზე არსებობს და მოკლებულია უნარს რაიმე სიღრმის ანალიზი გააკეთოს ჩვენი რეალობის.

მოკლედ შევეხები მხოლოდ რამდენიმე ძირითად მომენტს.

სამყაროში არსებობს მთელი რიგი კანონზომიერებებისა, რითიც იმართება ფაქტიურად ყველაფერი. მათ შორის არის ისეთი რთული სფერო ცხოვრებისა როგორიც არის სახელმწიფოებს და ერებს შორის ურთიერთობების კანონზომიერება. ნებისმიერი იგნორი ამ კანონზომიერებებისა იწვევს კატასტროფულ შედეგს.

ამ ფორმატში ვერ შევალ დეტალურ განხილვაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ამ კანონზომიერების უგულვებელყოფამ მოუტანა ჩვენს სამშობლოს კატასტროფული შედეგი სსრკ-ს დაშლის დროს. ჩვენ სრულიად უაზროდ დავუპირისპირდით რუსებს და შევუქმენით მათ განცდა რომ სსრკ ჩვენი ქმედებების შედეგად დაიშალა, რაც იყო სრული სისულელე და სიბრიყვე. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ თვითონ რუსები გაცილებით უფრო დაჩაგრულები იყვნენ სისტემისგან ვიდრე ჩვენ და სხვათა შორის ჩვენგანაც არ აკლდათ დაჩაგვრა. ( ვისაც ახსოვს ის პერიოდი - უეჭველად დამეთანხმება).

ამას მოყვა საშინელი შედეგები. გააფთრებული დამარცხებული გიგანტი, რომელიც შეურაცხყოფილი იყო ჩვენი „ღალატით'“ გადავიდა შურისძიების რეჟიმში და სისხლიანი კალო დაატრიალა აფხაზეთში და სამაჩაბლოში. დაიღუპა უამრავი ჩვენი სრულიად უდანაშაულო მოქალაქე.... და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთებმა ვერ გაიაზრეს რიგი კანონზომიერებებისა და ძალაუფლებაში მოსვლა გადაწყვიტეს.

სსრკ ყველა შემთხვევაში იშლებოდა სრულიად სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ საკუთარი „წვლილი“ შეგვეტანა ამ პროცესში და მართლაც შევქმენით ეს ილუზია - რამაც გამოიწვია კიდეც კატასტროფული შედეგები ქვეყნისთვის.

ბევრი რამის გამოტოვება მიხდება ფორმატის შეზღუდულობის გამო, თუმცა მთავარი კანონზომიერება მაინც თვალშისაცემია - ხშირად კეთილი სურვილებით მოკირწლულია გზა ჯოჯოხეთისაკენ.

სამწუხაროდ, ხშირად არ გვინდა შეცდომებზე რაიმეს სწავლა და ფოცხს სისტემატურად ვადგავთ ფეხს. საინტერესოა, რომ ჩვენი დასავლეთელი მეგობრები და პარტნიორები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა და არ გადავდგათ რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს ისედაც სავალალო და უღონო მდგომარეობას.

ამჟამინდელი მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეასრულოს ჩვენი მეგობრების რჩევა და შექმნილი რეალობის გათვალისწინებით იმოქმედოს ყველა რესურსის გამოყენებით. ვინც ამას ვერ ხედავს - უბრალოდ ბრმაა, ან სპეციალურად იბრმავებს თავს.

თუ რა მოიტანა ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევის გაუთვალისწინებლობამ - კიდევ ერთხელ დავინახეთ 2008 წელს.

ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების რჩევებს და თხოვნებს მიმაჩნია პროვოკატორად და ქვეყნის მტრად, მიუხედავად იმისა თუ რა მიზეზით და რა ფორმით ხდება ამ პირობების დარღვევა.

ძალიან დიდი სისხლიანი ფასი გადაიხადა ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ იმისთვის რომ „ვეთამაშოთ“ ამ დაუნდობელ ძალას და ისევ „სისხლიანი ფასის“ გადახდა მოგვიწიოს ჩვენი დასავლეთელი მეგობრების და პარტნიორების რჩევის გვერდზე ავლით“,- წერს ერეკლე კუხიანიზე სოციალურ ქსელში.

თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. გუშინ მან ექიმის ოჯახის მისამართით დაწერა.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!“,- დაწერა კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმს უკვე 37-ე დღეა დაკავებული ჰყავს. ამის პარალელურად, მისი ოჯახის წევრები ექიმის გათავისუფლებისთვის აქციებს მართავენ.