ძალიან მწყდება გული, რომ დედა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას - ქართველი მორაგბის ფრანგული წარმატება

02:18 12-15-2019
4506

შალვა სუთიაშვილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრია. 11 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს და ანგულემში თამაშობს. გასული წლის ოქტომბერში პოპულარულმა სარაგბო გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა, ქართველი მორკინალი, სუთიაშვილი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, PRO D2-ის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

13 დეკემბერს „ანგულემმა“ „სტად შანზიზე“ „პროვანს რაგბი“ მიიღო და 19:15 სძლია. მასპინძელთა სასტარტოში იყო მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი, რომელმაც 64-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი ლელოს გატანა მოახერხა.width=960

გარდა იმისა, რომ შალვა წარმატებული მორაგბეა. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ფრანგ სპორტსმენებში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. ამ საამაყო წამოწყებაში მას განსაკუთრებული ენთუზიაზმით მეუღლე ეხმარება.width=958

ფრანგულ წარმატებაზე სასაუბროდ, შალვას „პრაიმტაიმი“ საფრანგეთში დაუკავშირდა.

-შალვა, თქვენს სპორტულ წარმატებაზე უკვე მსოფლიოს სპორტული და არამხოლოდ სპორტული გამოცემები წერენ. ასევე პირველი ხართ ქართველ სპორტსმენებს შორის, რომელსაც გაქვთ ამბიცია, რომ ქართულმა პროდუქციამ ფრანგული ბაზარი დაიპყროს. 

- ჯერ არ მინდოდა საჯაროდ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ მართალაც დავიწყე საფრანგეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა. ეს არის ჩურჩხელა, თუმცა ეს არ არის სტანდარტული ჩურჩხელა, როგორიც საქართველოშია.

მე, როგორც ქართველს, ძალიან მიყვარს. თუმცა, ყოველთვის პრობლემა იყო ხარისხი. მამაჩემი კახეთში ჩადიოდა და სპეციალურად ყიდულობდა ნატურალურ პროდუქტს. როცა საფრანგეთში მეგობრებისთვის ჩამომქონდა ჩურჩხელა, სამწუხაროდ, ასეთი გემრიელი ნუგბარი ვიზუალურად ვერ იზიდავდა ფრანგებს. 

შარშან, ნოემბერში საქართველოში ჩამოვედი. ჩემმა დამ მითხრა, რომ იყიდებოდა პატარა ჩურჩხელები, რამაც ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე ამ ფორმით ჩამეტანა ჩემი ფრანგი მეგობრებისთვის.

როცა პატარა ჩურჩხელები დააგემოვნეს, ჩემმა ფრანგმა მეგობარმა მკითხა რატომ არ ჩამომქონდა ასეთი პროდუქცია საფრანგეთში და სწორედ ამის შემდეგ ვიფიქრე - „ვცადო“. width=960

ჩვენი ახალი ბრენდი არის ფრუტჩხელა“ ( Fruitchkhela) სპეციალური შეფუთვით.

ჯერჯერობით, 3 სახეობის პროდუქტია. სხვადასხვა წვენისგან დამზადებული თათარა, რომელსაც თხილის, ნუშის და ნიგვზის შიგთავსი აქვს. სხვადასხვა ზომის შეფუთვებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის იგივე ჩურჩხელა, უბრალოდ, მას არ აქვს ძაფი. ფრანგულ ბაზარზე გატანილ ჩვენს პროდუქტს შეფუთვაზე დატანილი აქვს ქართული წარწერა „ჩურჩხელა“. ამით მინდოდა ხაზი გამესვა ჩვენს დამწერლობაზე.width=889

ფრუტჩხელას შეფუთვაზე ასევე დატანილია ინფორმაცია ჩურჩხელის ქართულ წარმომავლობასა და ქართულ კულტურაზე. რაც კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულს ხდის მომხმარებელს ქართული ნატურალური პროდუქციის შესახებ.

ჩურჩხელას ყველა ინგრედიენტის შემადგენლობა ფრანგმა დიეტოლოგებმა და სპეციალისტებმა შეისწავლეს და აღნიშნეს, რომ სპორტსმენისთვის ეს საჭირო პროდუქტია.width=960

ძალიან ცნობილი ადამიანები დაგვეხმარნენ რომ ფრანგულ ბაზარზე ადგილი დაეთმოთ. აქ ცოტა რთულადაა. როცა ბაზარს გითმობენ, ღალატი გამორიცხულია. ანუ, პროდუქცია ბოლომდე უნდა იყოს ისეთი, როგორი ხარისხიანიც თავიდან შეიტანე.

ფრანგების მოთხოვნა იყო რომ პროდუქცია დაგვემზადებინა საფრანგეთში. მაგრამ მე ძალიან დიდი ბრძოლის და რისკის ფასად, მაინც დავითანხმე პარტნიორები, რომ ჩემი ქართული პროდუქტი საქართველოში დამზადებულიყო. 

ამის შემდეგ დადგა პირობა, რომ საქართველოში უნდა შეგვექმნა საწარმო, რომელიც დააკმაყოფილებდა ევროპულ სტანდარტებს. აუცილებლად მინდა ავღნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ ამ ყველაფრის სულისჩამდგმელები დავით რამაზაშვილი და შორენა მეგრელიშვილი არიან. სწორედ დავითის იდეით დაიწყო და შორენამ უკვე განახორციელა. ერთადერთი პირობა იყო, რომ „ფრუტჩხელას“ შემადგენლობის ფორმულა, რომელიც მე ფრანგ დიეტოლოგებთან ერთად შევიმუშავე საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.

ფრუტჩხელამ“ ფაქტობრივად უკვე თავისი ადგილი დაიმკვიდრა ფრანგებში. როცა ჩვენი პროდუქცია მაღაზიებში შევიტანეთ და ჩვენი საწყისი ფასი ვუთხარით, გაოცებულებმა გვკითხეს: „ოქრო ჩამოიტანეთ და რკინად ჰყიდითო?“  - ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებაა“,- ამბობს შალვა.

***

შალვა გოგი სუთიაშვილის შვილია, რომელიც თბილისის „ლოკომოტივის“ იმ თაობის მორაგბეთა გუნდის წევრი იყო, რომლებმაც საბჭოთა კავშირის თასი მოიგეს. გოგი სუთიაშვილი გასული წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

მამის გარდაცვალების შემდეგ, შალვამ ეროვნულ ნაკრებთან რამდენჯერმე ითამაშა. თუმცა როგორც თავად ამბობს, თამაშებზე ყველაზე მნიშვნელოვანი აკლია: მამა ტრიბუნაზე და კრიტიკა თამაშის შემდეგ.

- როგორი გულშემატკივარი იყო გოგი სუთიაშვილი?

- დიდი კრიტიკოსი იყო მამაჩემი. არასდროს იყო კმაყოფილი ჩემი თამაშით. ალბათ ამანაც განაპირობა, ყოველთვის განვითარებაზე რომ ვფიქრობდი. ვიზრდებოდი როგორც გოგი სუთიაშვილის ბიჭი: გოგი სუთიაშვილის ბიჭია, სახლის მისამართსაც სტუმრებს ასე უხსნიდნენ: გოგი სუთიაშვილის სახლი იკითხე და ა.შ. ამიტომ, მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი დამოუკიდებელი პიროვნება. რაც შეეხება თამაშს, ყოველთვის მანიშნებდა, რომ არაფერი გამიკეთებია ისეთი, თვითკმაყოფილება რომ მეგრძნო. რაღაც მომენტში ეს კომპლექსს მიქმნიდა, მაგრამ შემდეგ ვაანალიზებდი და მივხვდი, რომ როცა შეცდომაზე ფიქრობ, ყოველთვის წინსვლა გელის.

- მოგებული თამაშების შემდეგაც გაკრიტიკებდათ?

- კი. რაც საფრანგეთში წავედი, ბოლო 11 წელი ყოველთვის უყურებდა ჩემს თამაშს. ჩემმა მეუღლემაც იცოდა, რომ თამაშის შემდეგ პირველად მამაჩემისთვის უნდა დამერეკა და კრიტიკის ქარცეცხლი გადამეტანა.width=872

- რას გრძნობ, როცა იცი, რომ შენი ოჯახის წევრები არიან სტადიონზე. ეს სტიმულია თუ უფრო დამაბრკოლებელი ფსიქოლოგიური ფაქტორი?

- როცა რაგბის თამაში დავიწყე, როცა ვიცოდი, რომ თამაშს მამაჩემი ესწრებოდა, განსაკუთრებულად ვინდომებდი, თითქოს ვცდილობდი, მამაჩემისთვის მომეწონებინა თავი. სამწუხაროდ, დედა მხოლოდ ერთხელ დაესწრო ჩემს თამაშს. 18-წლამდელთა ნაკრების თამაში იყო „დინამოზე“ და ისიც კი მახსოვს, სად იჯდა. ის თამაში წავაგეთ, თუმცა მახსოვს, რა ბედნიერი იყო დედა, სიხარულისაგან ტიროდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაც მორაგბე იყო, მანამდეც მქონდა თამაშები, დედა მხოლოდ იმ დღეს იყო სტადიონზე პირველად და როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად (შალვას დედა გარადაცვლილი ჰყავს. ავტ.). ამ ფაქტორის გამო, „დინამოს“ სტადიონი სხვა დატვირთვას ატარებს ჩემთვის. როცა „დინამოზე“ მიწევს თამაში, ასე მგონია, რომ იმ ადგილას ისევ ზის დედა და მგულშემატკივრობს. მახსოვს მისი ბედნიერი სახე და სულ ვცდილობ, ის სახე დავიჭირო ადამიანებში. ძალიან მწყდება გული, რომ დედა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას, არადა სანამ ცოცხალი იყო, ყველაფერს აკეთებდა, რომ ბევრისთვის მიმეღწია.width=720

შალვას ოთხი შვილი ჰყავს, ოთხივე ბიჭია და უფროსები ჯერჯერობით მამის კვალს მიჰყვებიან.

ავტორი: ნანიკო ჩხაიძე