ისტორია მეორდება... ეს რა კადრია იცით? - ირაკლი კუპრაძე დღევანდელ ღონისძიებას აფასებს

19:14 12-14-2019
1577

ისტორია მეორდება და ხელისუფლებები ვერ სწავლობენ წინა მთავრობების შეცდომებზე - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ მსგავსად შეკრიბა 50 ათასზე მეტი ადამიანი და შემდეგ არჩევნები წააგო.

„ეს რა კადრია იცით? - 2012 წელს სააკაშვილმა ნაცმოძრაობის მხარდამჭერები შეკრიბა სტადიონზე, 50 ათასზე მეტი ადამიანი. რამდენიმე თვეში ნაცმოძრაობა უამრავი დარღვევის და რეპრესიული არჩევნების მიუხედავად დამარცხდა და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა.

დღეს, 2019 წელს ბიძინა ივანიშვილმაც მოუყარა თავი ადმინისტრაციულ რესურსს, ზოგიც ნამდვილად მხარდამჭერია,ზოგიც მოთაფლვით, ზოგიც სოციალური დახმარების მოხსნისა თუ სამსახურიდან დათხოვნის მუქარით. ისევ ისე, როგორც 2012 წელს.

ისტორია მეორდება და ხელისუფლებები ვერ სწავლობენ წინა მთავრობების შეცდომებზე. პირიქით, ყოველდღიურად იმეორებენ და ემსგავსებიან მათ.

ეს სპექტაკლები არაფერს აჩვენებს, უბრალოდ უფრო მარტივად ვხედავთ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კრიზისს“, - წერს ირაკლი კუპრაძე.