არასდროს არ გვქონია ევროპასთან უფრო ახლო ურთიერთობა, როგორც დღეს - გიორგი გახარია

17:50 12-14-2019
86

„მივესალმები ახალგაზრდებს. დღეს თქვენი დღეა. ამ დღის ორგანიზება თქვენ გააკეთეთ“, - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

„მივესალმები ყველა თაობის წარმომადგენელს. კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან ნაბიჯ-ნაბიჯ რა მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ოცი წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია. უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ყოველთვის იყო ევროპა. ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია. ათასწლეულების წინ კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა. მაშინ, როდესაც ბერძენმა არგონავტებმა აქ იპოვეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მაშინ, როდესაც მე-4 საუკუნეში რომის იმპერიიდან წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ყველას არ გვილხინს, მაგრამ ის რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გავაკეთეთ, მაშინ როდესაც არასდროს არ გვქონია ევროპასთან უფრო ახლო ურთიერთობა, როგორც დღეს. თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში. ეს ყველაფერი ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. ჩენ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ. ეს ყველაფერი რასაც ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ევროპა არის საქართველოს წარსული. ევროპა არის დღევანდელი დღე და ევროპა არის საქართველოს მომავალი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თავისუფლების მოედანზე დასრულდა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მოწყოფილი ღონიძიება - „საქართველოს გზა ევროპისკენ“, რაც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას მიეძღვნა.

ამ ღონისძიების ფარგლებში დედაქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ადეულობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.