კეკელიძე - ოკუპაციის ხაზთან, მე მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით

14:09 12-14-2019
110

ხვალ, ოკუპაციის ხაზთან დგომა, არის ერთადერთი გზა ქართული გახლეჩილი საზოგადოების გადარჩენის, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ ხვალინდელ აქციას. 

„დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას „თავისუფლება. მისივე განმარტებით, ხვალ, ოკუპაციის ხაზთან დგომა, არის ერთადერთი გზა ქართული გახლეჩილი საზოგადოების გადარჩენის, იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა, რომ იქ სადაც ადამიანის და სამშობლოს თავისუფლების საკითხი დგას, იშვიათად, მაგრამ მაინც შეგვიძლია გაერთიანება.

„მე სამოქალაქო აქტივისტი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არ გახლავართ. უფრო სხვა ფლანგიდან ვცდილობ ჩვენი ქვეყნის შენებაში უმცირესი წვლილის შეტანას და გარე ყრილობებსაც უიშვიათესად თუ ვუერთდები, მაგრამ ხვალ, 11 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან ოკუპაციის ხაზისკენ გამართულ ექიმის ოჯახის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას აუცილებლად დავესწრები. და აი, რატომ: ცხადად გამოჩნდა, რომ მტრის წინაშე პირში წყლის ჩაგუბებით, ეს წყალი საწამლავად იქცევა, ვყლაპავთ და ჩვენვე გვწამლავს. მტერი ამას არ ,,გვიფასებს და ,,სასამართლომ გუშინ მკაფიოდ შემოგვითვალა: ,,ეგ თქვენი დუმილი ჩვენ არ გვესმის, ყრუ ვართ და ულმობელი;

მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში სხვა დანარჩენი მილიონებისთვის თითოეული ადამიანი დგას სამყაროს ცენტრში და ეს ცენტრი იქ ინაცვლებს, სადაც ის ადამიანი იტანჯება;

მსოფლიომ და მათ შორის ჩვენც უნდა დავინახოთ - თავისუფლება არის მთავარი ნიშანი ადამიანად ყოფნის უპირატესობის და ეს უპირატესობა სხვა ადამიანის უსამართლო პატიმრობის წაყრუებით არ უნდა დავთმოთ;

ხვალ, ოკუპაციის ხაზთან დგომა, არის ერთადერთი გზა ქართული გახლეჩილი საზოგადოების გადარჩენის, იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა, რომ იქ სადაც ადამიანის და სამშობლოს თავისუფლების საკითხი დგას, იშვიათად, მაგრამ მაინც შეგვიძლია გაერთიანება;

ხვალ, ოკუპაციის ხაზთან, მე მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით;

დიახ, დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას ,,თავისუფლება,- წერს კეკელიძე. 

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ის პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ „იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე“ და იგი არანაირ საზღვარს არ აღიარებს.