ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის კგბ-ს - გაფრინდაშვილის მეუღლე

13:01 12-14-2019
159

„არავის ჩვენ არ ვუპირისპირდებით და არანაირ პროვოკაციაზე არ მივდივართ“, - ამას ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომლებიც პროვოკაციებში დაადანაშაულეს.

დღეს, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა. საკრებულოს წევრის პოსტი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია, თუმცა გამოჩნდნენ ისინი, ვინც კუხიანიძეს კომენტარებში ეთანხმებოდა.

„დღევანდელი დღე ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავთ საქართველოს. ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის უპირველესი პრინციპი არის ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვა. იმ პირობებში როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება შეზღუდულია ციხეში სხვა ადამიანების უფლებების და თავისუფლების დაცვისთვის, ეს ზეიმი ფერმკრთალდება!

„რაც შეეხება ცალკეული თანამდებობის პირებისა და ბოტების სრულიად ამაზრზენ ცილისწამებებს, ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება.

ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის კგბ-ს! მათაც კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“, - წერს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი.

ხვალ რესპუბლიკის მოედანზე გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება, რომელიც შემდგომ საოკუპაციო ხაზზე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.