თბილისში „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე დასასწრებად ზუგდიდიდან უკვე გამოემგზავრნენ

09:33 12-14-2019
285

თბილისში დღეს დაგეგმილ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზუგდიდიდან უკვე გამოემგზავრნენ. 

შეკრებილების თქმით, ისინი უერთდებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღის, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღმნიშვნელ ღონისძიებას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ზუგდიდიდან 200 ტრანსპორტი დღეს გავიდა, თუმცა ეს არ არის სრული შემადგენლობა, რადგან მანამდეც, საკუთარი მსუბუქი ავტომობილებითაც გაემგზავრნენ მოქალაქეები.

მისი თქმით, ძალიან ბევრია მსურველი ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების, მათ შორის ყველაზე მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი საჯარო მოხელეები. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საპასუხოდ მან თქვა, რომ ძალის გამოყენებით და იძულებით არავინ მიჰყავთ.

„მოგეხსენებათ, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ქვეყანა. ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჰქონდა ინიციატივა, ჩაეტარებინა კვირეული, რომელიც დღეს გრანდიოზული შეკრებით სრულდება. ამ ღონისძიებას ზუგდიდიდან 5-6 ათასი ადამიანი უერთდება. ჩვენს მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის და წასვლის გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო მათ ნება-სურვილზე. უამრავი მაურველი გახლდათ, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

სამკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას თქმითაც, მიდიან ორგანიზებულად პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად. მისი სიტყვებით, ევროკავშირი და ევროპა არის ის კურსი, რომელსაც ქვეყანა უჭერს მხარს და რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთოა.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს შაბათი დღეა და საჯარო მოხელეებსა თუ პედაგოგებს, შესაძლებლობა აქვთ სურვილის მიხედვით მიიღონ მონაწილეობა.

მასშტაბურ ღონისძიებაზე ხალხის რეგიონებიდან წაყვანა პარტიას მანამდეც ჰქონდა დაანონსებული. სამეგრელოდან ამ დროისთვის თბილისში დაახლოებით 5 ათასამდე მხარდამჭერი გაემგზავრა.

ავტორი: თეა შონია