ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გიორგი გახარიას მიმართავს

21:39 12-13-2019
65

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ექიმის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი აცხადებს, კომისია საჭიროა დაკომპლექტდეს ექიმის ოჯახის წევრებით, მეგობრებით და შესაბამისი უწყებებით.

„სამწუხაროა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი სახელმწიფოს ყველა ჩართულობამ შედეგი არ მოგვცა და ვაჟა ისევ საპატიმროში რჩება, მისი სასამართლო 20 დეკემბრამდე გადაიდო. შემდეგი სხდომა ჩანიშნულია შემდეგ პარასკევს. ეს, ალბათ მიგვითითებს რაღაც ხარვეზებზე, რომელიც გამოსასწორებელია. ჩვენ, მთელი ოჯახი და მეგობრები ყველანაირად ვცდილობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ როგოც ჩანს, სახელმწიფო ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ხმაურმა შედეგი არ მოგცა, ამაზე ჩვენ თვითონ ჩამოვყალიბდით და ჩემს ბრიფინგზეც გავიმეორე რამდენიმე დღის წინ, რომ აუცილებლად საჭიროა უწყებათშორისი კომისიის შექმნა. ამ კომისიაში უნდა შევიდეთ ჩვენ, ოჯახის წევრები, მეგობრები, პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რადგან მან დააკორექტიროს ეს ყველაფერი. ამ საკოორდინაციო საბჭოში შეიყვანოს ის უწყებები, რომლებსაც ამ საკითხის გადაწყვეტა ხელეწიფებათ, რადგან, როგორც ვხედავთ, ყველანაირმა შედეგმა მოგვცა ნული. მიუხედავად იმისა, რომ გვპირდებოდნენ, როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე საერთაშირისო ორგანიზაციები, ზოგიერთი კერძო პირები ასპროცენტიან გამოშვებას და ა.შ. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადაექიმის მეუღლემ.

მისივე თქმით, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე ისინი რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბებიან, საიდანაც საოკუპაციო ხაზის მიმართულებით მანქანებით მსვლელობა მოეწყობა.