როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო - ბურჯანაძე ვაჟა გაფრინდაშვილზე

20:17 12-13-2019
1480

“მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მქონდა მოსკოვში, რუსმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელი შეეწყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად განთავისუფლებისთვის“ - ნინო ბურჯანაძე ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ახალგორის ე.წ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, მისი ეს მზადყოფნა ორი დღის უკან ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილემ ბატონმა რუდენკომაც  დაადასტურა. სასამართლო პროცესის ნაადრევად, პარასკევს დანიშვნამ, მე გამიჩინა მოლოდინი, რომ განთავისუფლების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა. როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო.

მე გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართებოდა, ერთი საათით ადრე პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ირწმუნებოდა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმს უმოკლეს დროში გაათავისუფლებდნენ.

„ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის სახლში, ოჯახთან. მივიღე დაპირება, რომ მაქსიმალურად სწრაფად ის იქნება სახლში, ვინაიდან რუსეთი შეეცდება, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ მქონდა კომუნიკაცია ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესთან. ის ამ პროცესს ძალიან გაგებით ეკიდებოდა. მე საჯაროდ სხვა დამატებით ინფორმაციას კონკრეტულ თარიღებთან და საათებთან დაკავშირებით არ ვაკეთებდი, რადგან ეს არ იქნებოდა სწორი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ტროლებმა თუ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებმა არასწორი, არაეთიკური განცხადებები აკეთეს, თითქოს ჩემი სახელით რაღაც საათებს ასახელებდნენ, როდის გათავისუფლდებოდა ვაჟა ექიმი. მე იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს ძალიან მალე დაუბრუნდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

​შეგახსენებთ, ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ „იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე“ და იგი არანაირ საზღვარს არ აღიარებს.