რა მოხდა მწვანე სკოლაში? - რატომ დაკითხეს მოზარდი, რომელმაც მოგვიანებით თვითმკვლელობა სცადა

15:49 12-13-2019
3374

11 დეკემბერს, თბილისში არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დაიწყო, რომელმაც უნდა გაარკვიო ჰქონდა თუ არა ადგილი არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობა სცადა.   

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ 10 დეკემბერს 112-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის  სამმართველოს პოლიციის პირველ  განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის  საქმეზე.  თბილისში,  „მწვანე სკოლის“  შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების  ფაქტზე. შეტყობინება 112-ში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და  საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე.

პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო  „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივთ, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა  მოზრდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ  მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება. მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა.  მოზარდის დედას  პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს“, - განგვიმარტეს შსს-ში.

იმავე დღეს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა და კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა ამჟამადაც კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

შსს-მ მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.  

12 დეკემბერს კი გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება შევიდა  და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული შეტყობინება გენერალმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა, სადაც ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

11 დეკემბერს თბილისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.

საია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული უკანონო ქმედებების ფაქტზე. ასევე საქართველოს გენერალურ პროკურატურას - თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან“, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

2019 წლის 12 დეკემბერს საიამ გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

რა მოხდა „მწვანე სკოლაში“ და რა წარწერები აღმოაჩინეს დილით სკოლაში მისულმა თანამშრომლებმა? ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სკოლის დირექტორი ესაუბრა.

„ეს ბავშვი ცოტა ხნით სწავლობდა ჩვენთან, თუმცა შემდეგ მშობელმა სხვა სკოლაში გადაიყვანა. როგორც მითხრეს, თანხის გადახდის საშუალება აღარ ჰქონდათ. სკოლის შენობაში შიგნით დატოვებული იყო ათასგვარი უხამსი წარწერა, ნიშნები, „ქურდებს სიცოცხლე“ და მსგავსი რაღაცეები, ნუ როგორც ხდება ხოლმე. ეს მოხდა ღამე. დილით აღმოვაჩინეთ, რომ ვიღაც იყო შემოპარული და ასეთი წარწერები ჰქონდა დატოვებული. ამოვიღეთ კამერების ჩანაწერები, მოვიდა პოლიციაც და მერე ამოიცნეს ეს ბავშვი, შესაბამისად, დაიბარეს პოლიციაში“, - ამბობს სკოლის დირექტორი კახა დავითური.